
სექსუალური თავშეკავება და მისი მიზეზები
სექსუალური თავშეკავება ეს არის ადამიანის მიერ ნებაყოფლობით ან რაიმე გარემოების მიზეზით იძულებით უარის თქმა სქესობრივ ცხოვრებაზე და იგი შეიძლება, რამდენიმე კვირა, თვე და წლებიც კი გაგრძელდეს.
სექსუალური თავშეკავების ძირითად მიზეზებს მიეკუთვნება:
რელიგიური ცხოვრების წესი - როდესაც ადამიანი თავისი სურვილით რელიგიური ცხოვრების გზას ირჩევს (მაგ: ინახავს მარხვას, ცდილობს უბიწოების შენახვას, ხდება სასულიერო პირი და ა.შ.);
სექსუალური პარტნიორის არყოლა - რაც შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა მიზეზებით (მაგ: ქალებში ეს შეიძლება იყოს - ქალიშვილობის შენახვა, ოჯახისა და საზოგადოებრივი აზრის გავლენა და ა.შ. მამაკაცებში - ვენერიული დაავადებების შიში, მორიდებულობა და ა.შ. ან შესაძლოა, ქალი ან მამაკაცი ისეთ ადგილას იმყოფებიან, სადაც სექსუალური პარტნიორის ყოლის შესაძლებლობა არ არსებობს, მაგ: ციხე, სამხედრო სამსახური, წყალქვეშა გემი და ა.შ.);
სხვადასხვა ინფექციებისა და დაავადებების მკურნალობა – ზოგიერთი გინეკოლოგიური დაავადების ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობის დროს სექსისგან თავის შეკავება აუცილებლობას წარმოადგენს;
ორსულობა და მშობიარობის შემდგომი ეტაპი - გინეკოლოგების აზრით, ორსულობის პირველ ტრიმესტრში სექსი მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება მშობიარობის შემდგომ პერიოდს - ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში სექსისგან თავშეკავების ოპტიმალურ ვადად 4-6 კვირას მიიჩნევენ, საკეისრო კვეთის შემთხვევაში (ჭრილობის და ნაკერების არსებობის გამო) ეს დრო შეიძლებ,ა 1-2 თვემდე გაგრძელდეს, ხოლო თუ მშობიარობის დროს ადგილი ჰქონდა რაიმე სახის გართულებას, რეაბილიტაციის პროცესი შეიძლება, კიდევ უფრო გახანგრძლივდეს.
ეს სექსუალური თავშეკავების მიზეზების მხოლოდ ერთი ნაწილია და რეალურად, შეიძლება ამ ფაქტს უამრავი სხვა მიზეზი ჰქონდეს.
სექსუალური თავშეკავების შედეგები - მითი თუ რეალობა?!
სექსუალური თავშეკავების შედეგებთან დაკავშირებით, რამდენიმე არაერთგვაროვანი მოსაზრება არსებობს:
მეცნიერების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხანგრძლივი სექსუალური თავშეკავება ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს;
მეორე ნაწილი აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი ადამიანის ჯანმრთელობაზე არანაირ გავლენას არ ახდენს;
მესამენი კი ამტკიცებენ, რომ სქესობრივი ცხოვრებისგან თავშეკავება, პირიქით სასარგებლოცაა და ის შეიძლება ერექციული დისფუნქციის (იმპოტენციის) სამკურნალოდაც გამოდგეს.
ამ შემთხვევაში, რთულია რომელიმე მოსაზრებას 100%-ით დაეთანხმო, თუმცა, სიმართლის გარკვეული წილი სამივე მათგანშია - სექსუალურ თავშეკავებას მართლაც ახლავს გარკვეული რისკებიცა და სარგებელიც, ზოგ შემთხვევაში კი შესაძლოა, ადამიანზე მართლაც არანაირი გავლენა არ მოახდინოს.
მოდით, კონკრეტულად განვიხილოთ სექსუალური თავშეკავების უარყოფითი და დადებითი შედეგები, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.
ხანგრძლივი სექსუალური თავშეკავების შესაძლო უარყოფითი შედეგებია:
მამაკაცებში - პროსტატიტი ან პროსტატის ჯირკვალთან დაკავშირებული სხვა პრობლემები (რასაც მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა იწვევს), ერექციული დისფუნქცია, ნაადრევი ეაკულაცია.
თუმცა, მამაკაცებში, მათი ფიზიოლოგიური აგებულებიდან გამომდინარე, სექსუალური თავშეკავება მუდმივად ვერ გაგრძელდება და გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად მოხდება პოლუცია (ძილში ეაკულაცია).
ქალებში - ჰორმონალური დისბალანსი, ზოგიერთი გინეკოლოგიური დაავადება (საშვილოსნოს მიომა და ა.შ.), მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.
რაც შეეხება, ისეთ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, როგორიცაა - ნევროზი, უძილობა, უხასიათობა, შფოთვა, დეპრესია - თანაბრად შეიძლება განვითარდეს, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. გარდა ამისა, სექსუალურმა თავშეკავებამ თანდათანობით შესაძლოა, ლიბიდოს (სექსუალური სურვილის) გაქრობაც გამოიწვიოს.
სექსუალური თავშეკავების შესაძლო დადებითი შედეგები:
სექსუალური თავშეკავების დადებით შედეგებად ორივე სქესის წარმომადგენლებში, შეგვიძლია განვიხილოთ ის, რომ როცა ადამიანს სექსი არ აქვს, ის უფრო მეტად ხდება სხვა საქმეზე ორიენტირებული და შეუძლია, მოზღვავებული ენერგია რაიმე სასარგებლო საქმიანობაზე დახარჯოს, მაგ: დაკავდეს სპორტით, ნადირობით, თევზაობით, სხვადასხვა ფიზიკური თუ გონებრივი შრომით და ა.შ. გარდა ამისა, ბევრი წყვილი თვლის, რომ თავშეკავების შემდეგ სექსი გაცილებით სასიამოვნო და ემოციური პროცესია და ამ მეთოდს ზოგჯერ ხელოვნურად - მინავლებული გრძნობებისა და „გაუბრალოებული“ ურთიერთობის აღსადგენადაც კი მიმართავს.
ზემოთ ჩამოთვლილი შედეგები ყველა შემთხვევაში როდი ვითარდება - ეს ყველაფერი ადამიანის ასაკზე, სქესზე, ლიბიდოსა და ფსიქოტიპზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, სექსუალუარი თავშეკავებისას მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, აქვს თუ არა ადამიანს სქესობრივი ცხოვრების გამოცდილება - იმ ადამიანებს (ქალებსაც და მამაკაცებსაც), რომლებსაც სქესობრივი პარტნიორი ჯერ არ ჰყოლიათ, გაცილებით მარტივად გადააქვთ ეს პრობლემა, ვიდრე მათ, ვისაც სექსში გარკვეული გამოცდილება გააჩნიათ. ეს ალბათ იქიდან გამომდინარეობს, რომ გამოცდილება სექსუალურ საკითხებში მეტი ფანტაზიისა და მოთხოვნილების საშუალებას იძლევა.