
თანამედროვე მოდის სფეროში ყოველდღიურად იქმნება ახალი მოდელები, სტილი... მოდა განუწყვეტლივ იცვლება. მიუხედავად იმისა, მოდის ტენდენციებს ვადევნებთ თუ არა თვალს, ის გარკვეულწილად მაინც ახდენს გავლენას ჩვენს ჩაცმულობაზე და როგორც აღმოჩნდა, ჯანმრთელობაზეც კი.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
ის ყოველთვის ლამაზია - ქალს უფრო მაღალს, გამხდარს და ტანადს აჩენს. ის ყოველთვის მოდურია, თუმცა ყველამ იცის, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნამდვილად არაა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას სხეულის წონა ფეხის ბალიშებზე გადადის და ტანითაც ოდნავ წინ ვიხრებით. წონასწორობის შესანარჩუნებლად კი ზურგი მეტისმეტად იძაბება. ხანგრძლივად ასეთი ფეხსაცმლის ტარებამ შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს ზურგის და თეძოების არეში, იმ დისკომფორტზე რომ არაფერი ვთქვათ, რაც ქუსლიანის ფეხსაცმლის ტარებას ახლავს. გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ დაბალქუსლიანი ფეხსაცმელებიც, რომლითაც ხანდახან ქუსლიან ფეხსაცმელს ჩაანაცვლებთ.
დიდი ჩანთა
რაც უფრო დიდია ჩანთა, მით მეტ უსარგებლო ნივთს აღმოაჩენთ მასში. ეს კი ჩანთის წონაზეც აისახება. მძიმე ჩანთის ტარება კუნთებს სხვადასხვანაირად ტვირთავს და შეიძლება სერიოზული პრობლემებიც გამოიწვიოს. შეიძლება არ დაკვირვებიხართ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მძიმე ჩანთის ტარებისას ერთი მხარი უფრო მაღლა გაქვთ, ვიდრე მეორე. თუ ჩანთას ყოველთვის ერთ მხარზე იკიდებთ, მაშინ კუნთების მასაც არათანაბრად ვითარდება. დიდი ჩანთა ხანდახან მაინც შეცვალეთ პატარათი, ან კარგად დაფიქრდით - ყველაფერი ნამდვილად გჭირდებათ, რაც ჩანთაში გიდევთ?
ვიწრო ჯინსები
მეტისმეტად მომდგარი ტანსაცმელი სისხლის მიმოქცევას აფერხებს. ერთი შეხედვით შეიძლება ეს არც ისე საშიში ჩანდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნებათ. ასეთი ტანსაცმლის ტარებით ქალები დისკომფორტს განიცდიან მუცლის არეშიც. აშშ-ში ერთმა 35 წლის ქალბატონმა ფეხებში მგრძნობელობაც კი დაკარგა. ექიმებმა ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზად მეტისმეტად ვიწრო ჯინსი დაასახელეს. შეიძლება, ასეთი სიმპტომები თქვენ არ გქონდეთ, მაგრამ გარისკვა მაინც არ ღირს. მნიშვნელოვანია რომ ტანსაცმელში თავს კომფორტულად გრძნობდეთ.
მოდური საცვლები
მაქმანებიანი, თასმებიანი და ა.შ. საცვლები ხშირად კანის გაღიზიანებას, წვას და ქავილს იწვევს. ასეთი საცვლის ტარება ინფექციებით დაავადების რისკებს ზრდის. ექიმები გვირჩევენ რომ სინთეტიკის ნაცვლად უფრო კომფორტული, ბამბის საცვლები გამოვიყენოთ.
ტანსაცმელი, რომელიც ვიზუალურად გამხდარს გვაჩენს
ქალები ხშირად იცვამენ საცვლებს, რომელიც მეტისმეტად მომდგარია და სხეულს უფრო მკვრივს და გლუვს აჩენს. გასახდომი ქამრები, საცვალი და ა.შ. ზეწოლას ახდენს შინაგან ორგანოებზე, რაც დროთა განმავლობაში ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. გასტროენტეროლოგების აზრით ასეთი ქამრების ტარება დაუშვებელია.
ცხადია, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ღირს კი ასეთი მსხვერპლის გაღება?