
რა არის მასტურბაცია?
მასტურბაცია – პიროვნების სასქესო ორგანოების სექსუალური სტიმულაციაა, რომელიც მიზნად ისახავს სტიმულაციის შედეგად ორგაზმის შეგრძნებას. სექსუალური სტიმულაცია შეიძლება შესრულდეს თვითონ ადამიანის მიერ ხელით, სხვადასხვა ნივთებით, სხვა ადამიანის ან ადამიანების დახმარებით. თვითმასტურბაცია მასტურბაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა და აუტოეროტიციზმის ნაწილია.
მასტურბაციასთან დაკავშირებული მითები და სინამდვილე
მასტურბაციას, როგორც თვითდაკმაყოფილების მეთოდს, ქალებიცა და მამაკაცებიც უხსოვარი დროიდან მიმართავენ, იქედან გამომდინარე, რომ სექსუალური მოთხოვნილება ადამიანებში ყოველთვის არსებობდა.
XVIII-XX საუკუნეებში მასტურბაცია სამედიცინო ცენზურის ქვეშ მოექცა და გავრცელდა მითები იმის შესახებ, რომ მან შეიძლება, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს (ფსიქიკური აშლილობა, მახსოვრობის დაქვეითება, სიბრმავე, თავის ტკივილები, ორგანიზმის გამოფიტვა, პროსტატის კიბო, და ა.შ.).
მინდა, დაგამშვიდოთ, რომ ამ მითებს სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს, პირიქით - მასტურბაცია განტვირთვისა და სიამოვნების მიღების საუკეთესო საშუალებაა და ხშირად იგი სექსუალური დისფუნქციების (მაგ. ერექციული დისფუნქცია, ანორგაზმია) მკურნალობისას, სექსუალური თერაპიის ფარგლებშიც კი გამოიყენება.
მასტურბაცია პრობლემად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში - როცა ის ანაცვლებს სექსუალურ აქტივობას პარტნიორთან, სრულდება საჯაროდ ან მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
მასტურბაციის ტექნიკა
მასტურბაციის ტექნიკა და მახასიათებლები ქალში და მამაკაცში მსგავსია, თუმცა მასტურბაციის სპეციფიკაა ნაწილობრივ განსხვავებული.
ქალების მასტრუბაცია, ძირითადად, მოიცავს თითების ან სხვა საგნის შეხებას და სტიმულაციას კლიტორზე, დიდ და მცირე სასირცხვო ბაგეებზე და ა.შ.
ქალების დიდი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს კლიტორის გარშემო თითების წრიული მოძრაობით მასტურბაციას ან კლიტორის თავის სტიმულაციას. ხშირად ქალები შხაპის ქვეშ მასტურბირებენ და წყლის ჭავლის მეშვეობით კლიტორის თავისა და საშოს შესავლის სტიმულაციას ახდენენ. გარდა ამისა, არსებობს სპეციალური ვიბრატორები, რომლებსაც ქალები საკმაოდ ხშირად იყენებენ, როგორც კლიტორის, ასევე საშოს სტიმულაციისთვის.
მამაკაცების მასტურბაცია მოიცავს ხელით პენისზე და სათესლეებზე შეხებას და მათ სტიმულაციას. ყველაზე გავრცელებულ ფორმას პენისის სხეულზე ხელის მოკიდება და მისი სინქრონულად სხვადასხვა სისწრაფით მოძრაობა წარმოადგენს. ასეთი ტიპის მოძრაობა საჭიროა ორგაზმის მისაღწევად და ეაკულაციისთვის, თუმცა მისი მიღწევა სხვაგვარი სტიმულაციითაც შესაძლებელია. კაცების გარკვეულ ნაწილს სიამოვნებს პენისის თავის სტიმულაცია, ზოგს - პენისის სხეულის და ფუძის, გარკვეულ შემთხვევებში გამოიყენებენ ლუბრიკანტებს, რათა ხახუნის ძალა შემცირდეს. მამაკაცს შეუძლია მასტუბაცია მოახდინოს სხვადასხვა საგნების (მაგ. ხელოვნური ვაგინა, ე.წ. გასაბერ ქალი და ა.შ.) გამოყენებით, თუმცა ქართულ რეალობაში ასეთ ხერხს იშვიათად მიმართავენ.
მასტურბაციის დროს...
მასტურბაციის დროს, გარდა ფიზიკური სტიმულაციისა, ქალები და მამაკაცები მიმართავენ სტიმულაციის ისეთ დამატებით საშუალებებს, როგორიცაა: პორნოგრაფიული ფილმების ყურება, ეროტიკული სურათების თვალიერება, სექსუალური ფანტაზიების წარმოსახვა...
მასტურბაცია მოზარდებში
მამაკაცების უმრავლესობა, მასტურბაციას იწყებს 13-14 წლის ასაკიდან, რადგან ამ ასაკში ძალიან იშვიათია, მოზარდს ჰქონდეს სექსუალური აქტის ჩატარების შესაძლებლობა ( ამ შემთხვევაში ფიზიკურ მზაობას არ ვგულისხმობ, ეს უფრო მეტად დაკავშირებულია კომპლექსებთან, მორიდებულობასთან და, ზოგ შემთხვევაში, ფინანსურ პრობლემებთანაც).
რაც შეეხება გოგონებს, მათაც, დაახლოებით, ამ ასაკიდან ეწყებათ სქესობრივი მოთხოვნილება და მის დასაკმაყოფილებლად არცთუ იშვიათად მასტურბაციას მიმართავენ. მასტურბაციისას საქალწულე აპკის გარღვევა შეუძლებელია, თუ არ მოხდა ვაგინალური პენეტრაცია ხელით ან სექსუალური სათამაშოების გამოყენებით. გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქალიშვილობაში ხშირი მასტურბაცია შესაძლოა, შემდგომ გაძნელებული ორგაზმის ან ანორგაზმიის მიზეზი გახდეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
მასტურბაციის სიხშირე
მასტურბაციის სიხშირეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ არ არის მკვეთრად გადამეტებული. მასტურბაციის ნორმალური სიხშირეა როგორც თვეში ან წელიწადში რამდენჯერმე, ასევე - ყოველდღე.
მასტურბაცია გადამეტებულია იმ შემთხვევაში, თუ მისი სიხშირე ადამიანს ყოველდღიურ სოციალურ და სხვა აქტივობაში უშლის ხელს, ან ადამიანი იმდენად მიეჩვია პროცესს, რომ აღარ უჩნდება სექსით დაკავების სურვილი. ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება ექიმი-სექსოლოგის ჩარევა. გარდა ამისა, საჭირო ხდება გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან (პორნოგრაფიული ფილმების ყურება, ეროტიკული სურათების თვალიერება და ა.შ.) თავის არიდება, სპორტით დაკავება და ა.შ