
ვარჯიში ყველას არ უყვარს, ან, უბრალოდ, საკმარისი დრო არ აქვთ ამისთვის. კალორიების დაწვა კი მეტად მნიშვნელოვანი რამაა. როგორ უნდა მოიქცეთ რომ თან კალორიები დაწვათ და ამაში ნაკლები დრო და ძალისხმევა დახარჯოთ? ორგანიზმი კალორიებს წვავს საჭმლის მონელებისა და ჯდომის დროსაც კი, თუმცა არსებობს უფრო ინტენსიური სავარჯიშეოები, რომლებიც დღის განმავლობაში მეტი კალორიის დაწვაში დაგეხმარებათ. ვერ დაგპირდებით რომ ეს რჩევები ვარჯიშს ჩაანაცვლებს, მაგრამ კუნთებს ტონუსს მისცემს და უფრონერგიულად იქნებით. ადამიანების უმრავლესობას უმოძრაობით გამოწვეული პრობლემები აწუხებს. ამ მცირეოდენი ,,ვარჯიშებით’’ კი ამ პრობლემებსაც აიცილებთ თავიდან.
1. ნუ ისარგებლებთ ლიფტით. ამაზე უკეთ როგორ დაწვავთ კალორიებს ოფისში? ფეხის და საჯდომის კუნთებსაც გაიმკვირვებთ. ამ ვარჯიშის გაკეთება ესკალატორზეც შეიძლება. რატომ უნდა ელოდოთ სანამ თავისით აგიყვანთ ის ზემოთ?
2. ხშირად ადექით და იარეთ. მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან ჯდომა თქვენს ფორმებს აუცილებლად შეცვლის უარესობისკენ. სახლში მისვლისასაც თუ ტელევიზორთან დაჯექით, მით უმეტეს. დგომით, ან უბრალოდ სეირნობით, 3-5-ჯერ მეტი კალორია იწვება. ხანდახან შეგიძლიათ თქვენი საქმე ფეხზე დამდგარმაც გააკეთოთ. სცადეთ, არც ისე მოუხერხებელია!
3. სამსახურში ფეხით მიდით. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ მანქანა ცოტა მოშორებით გააჩეროთ ან ტრანსპორტიდან 2-3 გაჩერებით ადრე ჩამოხვიდეთ. დილის ამგვარი ვარჯიში გამოგაფხიზლებთ და სამსახურშიც უფრო მობილიზებულები იქნებით.
4. წაივარჯიშეთ. მერე რა, რომ სამსახურში ხართ? შეგიძლიათ პრესი დაჭიმოთ, 1-2 ჩაჯდომა გააკეთოთ... იაროთ ოთახში. დარწმუნებული ვარ, თქვენს გარშემო უამრავი რამაა, რასაც ჰანტელის ნაცვლად გამოიყენებთ.
5. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან თამაშს. ეს გაცილებით ბევრ კალორიას დაგაკარგვინებთ. თანაც ისე, რომ ვერც კი მიხვდებით. თუ ბავშვები არ გყავთ, შეგიძლიათ, ძაღლი გაასეირნოთ.
6. სადილის შემდეგ მაშინვე სამუშაოს ნუ დაუბრუნდებით. ცოტა გაისეირნეთ ან სხვა საქმით დაკავდით. გამუდმებით სამსახურზე ფიქრი სტრესულ მდგომარეობაში ჩაგაყენებთ. მცირეოდენი შესვენება თქვენი გონებისთვისაც და ფიგურისთვისაც სასარგებლო იქნება.
7. აკეთეთ საშინაო საქმეები. ოო, ეს მართლაც სერიოზული ,,ვარჯიშია,’’ თანაც ამით ორ კურდღელს დაიჭერთ. შეგიძლიათ მუსიკაც ჩართოთ და სახლის დალაგება უფრო სახალისო და სასიამოვნო გახდება.
8. მეტი იმოძრავეთ. არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის? გააკეთეთ ჩაჯდომები კბილების გაწმენდისას. შეიძლება ეს სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ნებისმიერი აქტიური ქმედება კალორიებს წვავს. თუ ასე მოიქცევით დღის განმავლობაში, საერთო ჯამში გარკვეულ შედეგს მიიღებთ.
რამოდენიმე კვირაში თქვენ თვითონვე შეატყობთ როგორ გამკვრივდება თქვენი სხეული. საერთოდ, მთავარია სურვილი და დღეში ვარჯიშისთვის ნახევარ საათს ყოველთვის გამონახავთ.