რა არის კლიმაქსი?
რა არის კლიმაქსი?
allmedic
რა არის კლიმაქსი?
რა არის კლიმაქსი?
რა არის კლიმაქსი?

კლიმაქსი ბერძნული სიტყვაა და ქართულად კიბის საფეხურს ნიშნავს, შესაბამისად, იგი არის არა დაავადება, არამედ ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი საფეხური და სრულიად ნორმალური და კანონზომიერი პროცესია. კლიმაქსის (მენოპაუზის) დადგომასთან ერთად, ქალი კარგავს მენსტრუაციას და მასთან ერთად დაორსულების ბუნებრივ შესაძლებლობასაც „ემშვიდობება“. 

ქალური კლიმაქსის თავისებურებები


ნებისმიერი ქალი 45 წლის შემდეგ დაძაბული ელოდება კლიმაქსის დადგომას, თუმცა ეს პროცესი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე და, აქედან გამომდინარე, შესაძლოა 45-დან 55 წლამდე, ნებისმიერ დროს განვითარდეს. 
არსებობს შემთხვევები, როცა  კლიმაქსი 30-35 წლისთვის ან უფრო ადრეც იწყება. ამას ნაადრევ კლიმაქსს უწოდებენ და მისი მიზეზი სხვადასხვაა - გენეტიკური ფაქტორი, ჰორმონული დარღვევები, ძლიერი და ხანგრძლივი სტრესი, მწეველობა (არსებობს მოსაზრება, რომ მწეველ ქალბატონებში კლიმაქსი ჩვეულებრივზე 2-3 წლით ადრე დგება), გარდატეხის ასაკში გადატანილი ინფექციური დაავადებები, არასრულფასოვანი კვება და ა.შ. ზოგჯერ კი  ხდება პირიქით - კლიმაქსი 55-60 წლის ასაკში ან უფრო გვიან ვითარდება და მას დაგვიანებულ კლიმაქსს უწოდებენ. 
კლიმაქსი შესაძლოა, სხვადასხვა გინეკოლოგიური ოპერაციების ფონზეც განვითარდეს (მაგ: საკვერცხეების და/ან საშვილოსნოს ქირურგიული ამოკვეთა კლიმაქსის მყისიერ დადგომას იწვევს).

 

კლიმაქსის განვითარების ფაზები


კლიმაქსის მიმდინარეობაში სამ ძირითად ფაზას გამოყოფენ:
პრემენოპაუზა – რომელიც დგება კლიმაქსის დადგომამდე 1,5-2 წლით ადრე და გრძელდება მენსტრუალური ციკლის სრულ შეწყვეტამდე. ამ პერიოდში აღინიშნება მენსტრუაციის რიტმისა და მენსტრუალური ციკლის დარღვევა, კლებულობს სისხლდენის ინტენსივობა და შესაძლოა, მენსტრუაციებს შორის ინტერვალებმაც მოიმატოს. 
მენოპაუზა – ეს არის ფაზა, რომელიც ბოლო მენსტრუალური სისხლდენის შემდეგ დგება. მენოპაუზა 12 თვის განმავლობაში გრძელდება და შესაძლოა, ამ დროსაც აღინიშნებოდეს არარეგულარული მენსტრუალური ტიპის სისხლდენები. მენოპაუზის პერიოდში, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება ორსულობაც დადგეს.
პოსტმენოპაუზის პერიოდი - რომელიც დგება კლიმაქსის მეორე ფაზის დასრულებისას და გრძელდება საკვერცხეების ფუნქციის სრულად შეწყვეტამდე ანუ ქალის სიცოცხლის ბოლომდე.

 

რა ჰორმონული გარდაქმნები ხდება ქალის ორგანიზმში კლიმაქტერიულ პერიოდში?


მოზარდობიდან მენოპაუზამდე პერიოდს რეპროდუქციულ ასაკს უწოდებენ. ამ პერიოდში ქალის სასქესო ჯირკვალი, საკვერცხე, აქტიურად ფუნქციონირებს - საკვერცხეებში ყოველ ოთხ კვირაში ერთხელ მწიფდება ფოლიკული, რომელიც სკდება და კვერცხუჯრედს ათავისუფლებს. ამავდროულად, ფოლიკული ქალის ძირითად სასქესო ჰორმონს - ესტროგენს გამოიმუშავებს, გამსკდარი ფოლიკულიდან კი წარმოიქმნება ყვითელი სხეული, რომელიც ქალის მეორე სასქესო ჰორმონს - პროგესტერონს გამოყოფს. 
დაახლოებით, 40-45 წლიდან საკვერცხეების ბიოლოგიური სიცოცხლის ასაკი დასასრულს უახლოვდება: კვერცხუჯრედი სულ უფრო იშვიათად მწიფდება, მცირდება ჰორმონების გამომუშავება და მენსტრუაციული ციკლი ჯერ არარეგულარული ხდება, გარკვეული ხნის შემდეგ კი საერთოდ წყდება. სწორედ აქედან იწყება კლიმაქსი.

 

როგორ ვლინდება კლიმაქსი?


კლიმაქსი ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს - მენსტრუაცია წყდება და ყველაფერი ამით მთავრდება, მაგრამ არის უფრო რთული შემთხვევებიც, როდესაც ამ ყველაფერს თან ერთვის მეტად უსიამოვნო გამოვლინებები: ალები (წამოხურება), სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის მომატებაუძილობა, ჭარბი ოფლიანობა, კანისა და თმის სიმშრალე, მომატებული გაღიზიანებადობა, დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, დეპრესია და ა.შ.
გარდა ამისა, შესაძლოა, გამოვლინდეს სხვადასხვა ტიპის სქესობრივი დარღვევებიც, მაგალითად: საშოს ლორწოვანის გამოშრობა, ლიბიდოს(სექსუალური ლტოლვის) დაქვეითება, ტკივილი სქესობრივი აქტისას (რაც შეიძლება გამოწვეული იყოს საშოს ლორწოვანის სიმშრალით) და ა.შ.

 

რა შემთხვევაში ითხოვს კლიმაქსი ექიმის მეთვალყურეობას?


როგორც აღვნიშნე, კლიმაქსი ბუნებრივი მდგომარეობაა და იგი ადრე თუ გვიან აუცილებლად დგება ყველა ქალის ცხოვრებაში. როგორც წესი, დროული და ფიზიოლოგიური კლიმაქსი სამედიცინო თვალსაზრისით პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ნაადრევი და დაგვიანებული კლიმაქის შემთხვევაში არსებობს გარკვეული დაავადებების განვითარების რისკი და აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა. ნაადრევი კლიმაქსს თან ახლავს შინაგანი ორგანოებისა და სისტემების (ძვლოვანი, გულსისხლძარღვთა, ენდოკრინული და ა.შ.) დაავადებების განვითარება. დაგვინებული კლიმაქსისას კი მატულობს სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადებებისა და ძუძუს პათოლოგიების (მათ შორის ძუძუს კიბოს) განვითარების რისკი.


მკურნალობა და პრევენცია - როგორ ვებრძოლოთ კლიმაქსს?


კლიმაქსის უსიამოვნო გამოვლინებებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიაა, რაც ესტროგენისა და პროგესტერონის შემცველი პრეპარატების მიღებას ითვალისწინებს. ეს პრეპარატები,  გარდა იმისა, რომ ქალებს კლიმაქსის სიმპტომებს შეუმსუბუქებენ, შესაძლო გართულებებსაც თავიდან ააცილებენ და  გაცლებით გაუადვილებენ ამ რთული პერიოდის გავლას. ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიისას სამკურნალო პრეპარატები შეირჩევა ინდივიდუალურად და, რაც მთავარია, აუცილებლად ექიმი-გინეკოლოგის მიერ.
გარდა ამისა, მიზანშეწონილია:
დამამშვიდებელი, მცენარეული საშუალებების მიღება;
ჯანსაღი, ბალანსირებული კვება (კალციუმით მდიდარი საკვები - რძე და რძის პროდუქტები, ნუში, ნიახური, ოხრახუში,  გარგარის ჩირი და ა.შ.; დიდი რაოდენობით მცენარეული ბოჭკოსა და ცილის შემცველი პროდუქტები - უმი ხილი და ბოსტნეული, შვრია, წიწიბურა, ხორბალი, ბარდა, ლობიო, მუხუდო და ა.შ.; D ვიტამინი - თევზი, კვერცხი და ა.შ.);
ვარჯიში;
რაც შეეხება, სექსუალურ  ცხოვრებასთან დაკავშირებულ ჩივილებს, მათი არსებობის შემთხვევაში საჭიროა, ქალმა პარალელურად სექსოლოგსაც მიმართოს. 
და ბოლოს, კლიმაქსი არ არის არც დაავადება და არც სიბერის დადგომა, როგორც ეს ქალების უმრავლესობას მიაჩნია - კლიმაქსი არის ფიზიოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც ქალის ორგანიზმი მხოლოდ ერთი საფეხურით უახლოვდება სიბერეს და თუ ქალი პროცესის მართვას ისწავლის, ეს ყველაფერი გაცილებით  მარტივად, უმტკივნეულოდ და გართულებების გარეშე ჩაივლის.

allmedic