
როგორ დავძლიოთ პირველი ღამის შიში?
პირველი ღამის შიში - სერიოზული პრობლემაა და თანაბრად შეიძლება განვითარდეს, როგორც ახალგაზრდა, ისე ზრდასრული ასაკის ქალბატონებში. შესაბამისად, სქესობრივი ცხოვრების დასაწყებად მხოლოდ ფიზიკური მომწიფება არ კმარა და საჭიროა, ქალი პირველი სექსისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად იყოს.
აუტანელი ტკივილი - მითი თუ რეალობა?!
პირველი სქესობრივი აქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტია ქალის ცხოვრებაში, რადგან ამ დროს ირღვევა საქალწულე აპკის მთლიანობა (დეფლორაცია). ეს კი გარკვეულ დისკომფორტთან და ტკივილთან არის დაკავშირებული, თუმცა დეფლორაციით გამოწვეული ტკივილი არ არის ისეთი აუტანელი, როგორც ეს გოგონების დიდ ნაწილს ჰგონია.
დაივიწყეთ სულელური ისტორიები და მოდუნდით!
ძალიან ბევრი ქალი, რომელსაც უკვე დაწყებული აქვს სქესობრივი ცხოვრება, საშინელ ისტორიებს ჰყვება, როგორი მტკივნეული და საშინელი იყო მისი პირველი სქესობრივი აქტი. ამიტომ, პირველი სექსის დროს მნიშვნელოვანია - დაივიწყოთ სხვების მონაყოლი სულელური ისტორიები და მოდუნდეთ. ეს ტკივილის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ, რადგან ნერვიულობა ვაგინალური კუნთების შეკუმშვას იწვევს და, შესაბამისად, სქესობრივი აქტის ნორმალურად წარმართვას ხელს უშლის.
მამაკაცის როლი პირველი სქესობრივი აქტის სწორად წარმართვაში.
პირველი სქესობრივი აქტის დროს ძირითადი პასუხისმგებლობა მამაკაცს ეკისრება, რადგან საკმარისია მამაკაცის მხრიდან სულ მცირედი უტაქტობა, რომ ქალი შეიძლება, მთელი ცხოვრების მანძილზე ტრავმირებული დარჩეს - გაჰყვეს ზიზღი და სიცივე სექსუალური აქტის მიმართ, განუვითარდეს ვაგინიზმი და ა.შ. ამიტომ, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ვნება, საჭიროა, მამაკაცმა სქესობრივი კავშირის დამყარებისგან თავი შეიკავოს და ქალის მზადყოფნას დაელოდოს.
პირველი სექსი და პრელუდია
პირველი სექსის დროს მნიშვნელოვანია პრელუდია - კოცნა, ალერსი, სხვადასხვა ეროგენული ადგილების სტიმულაცია... პრელუდია საშუალებას მისცემს ქალს, აიგზნოს, აგზნება კი საგრძნობლად დაეხმარება მას ტკივილის შიშის დაძლევაში. რაც მთავარია, აგზნებისას ქალის საშოდან გამოიყოფა გამჭვირვალე ლორწოვანი სითხე - ე.წ. ვაგინალური სეკრეტი, რომელიც ხელს უწყობს პენისის საშოში ადვილად მოხვედრას და საგრძნობლად ამცირებს ტკივილის ინტენსივობას. იმ შემთხვევაში, თუ ქალს ნერვიულობის გამო სეკრეტი უმნიშვნელო რაოდენობით ან საერთოდ არ გამოეყოფა, საჭიროა ლუბრიკანტის გამოყენება.
დამზოგველი პოზები
საქალწულე აპკის სწრაფი და უმტკივნეულო გახევისთვის საჭიროა შესაბამისი პოზის შერჩევა. ამ შემთხვევაში ყველაზე დამზოგველი მისონერული პოზაა, რა დროსაც ქალს ფეხები გაშლილი და მუხლებში მოხრილი აქვს. ეს მდგომარეობა საქალწულე აპკის მაქსიმალურად დაჭიმვას განაპირობებს და მისი გახევაც შედარებით უმტკივნეულოდ ხდება. საშოში პენისის შეყვანა უნდა მოხდეს ნელა და დაბალი ამპლიტუდებით - ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტად ღრმად. ამავდროულად, აუცილებელია, მამაკაცი აგრძელებდეს ქალის ალერსს. თუ ქალმა მტკივნეულობის გამო, მოულოდნელად პროცესის შეწყვეტა მოითხოვა, კაცი მის სურვილს უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს და აქტის განხორციელება სამომავლოდ გადადოს.
დეფლორაცია და სისხლდენა
პირველმა სქესობრივმა კონტაქტმა შესაძლოა, სხვადასხვა ინტენსივობის სისხლდენით ან აბსოლუტურად უსისხლოდ ჩაიაროს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს საქალწულე აპკის შენების ან სისხლმომარაგების თავისებურებებით, ან შეიძლება სისხლი იყოს იმდენად მცირე რაოდენობის, რომ ვერც კი შეამნიოთ. ამიტომ, სისხლის სიმცირე ან სრული არარსებობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გოგონა ქალიშვილი არ იყო.
პირველი სექსი და ორგაზმი
პირველი სექსის დროს ქალი ვაგინალურ ორგაზმს ვერ აღწევს, მაგრამ ფრიქციებამდე შეიძლება განიცადოს კლიტორული ორგაზმი. ამიტომ, ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ეს ბუნებრივია და არანაირ დარღვევას არ უკავშირდება. ანორგაზმია სქესობრივი ცხოვრების პირველი წელი ფიზიოლოგიური მოვლენაა, მით უმეტეს იმ ქალებისთვის, რომლებიც ქალიშვილობაში არ მასტურბირებდნენ და ორგაზმი არასდროს განუცდიათ.
პირველი სექსის შემდეგ
პირველი სექსის შემდეგ სასურველია, წყვილმა 2-3 დღე სექსისგან თავი შეიკავოს, თუმცა, ეს ინდივიდუალურია და წყვილის სურვილზეა დამოკიდებული.
როდის ხდება საჭირო სექსოლოგის ჩარევა?
თუ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ და ქალმა ერთი თვის განმავლობაში შიშის დაძლევა ვერ მოახერხა, საჭირო ხდება სექსოლოგის ჩარევა.
ასეთ დროს ქალს, ხშირ შემთხვევაში, ფსიქოლოგიურ მკურნალობასთან ერთად, მედიკამენტოზური მკურნალობაც ენიშნება.