
რეალური პრობლემა თუ „ყველაფერი დიდი“?! უმეტეს შემთხვევებში პრობლემა რეალურად არ არსებობს ან არის მეორე ვარიანტი - როგორც წესი, ქართველ მამაკაცს ყველაფერი დიდი ურჩევნია - მანქანა, სახლი და ასოც კი... რაც შეეხება მამაკაცის სასქესო ორგანოს ზომას:
მიკროპენისად მიიჩნევა ასო, რომლის სიგრძე 8 სმ ან ნაკლებია (ერეგირებულ მდგომარეობაში). 8 სმ-ზე მეტი, პრინციპში, ნორმალური ზომის პენისად ითვლება. გასაგებია, რომ მამაკაცების უმრავლესობას არ მოსწონს 9,10, 11 სმ სიგრძის ასო (ყოფილა შემთხვევები, რომ უფრო დიდი ზომის ასოთიც უკმაყოფილონი არიან), მაგრამ ამ შემთხვევაში სერიოზული შეშფოთების საფუძველი არ არსებობს და ხშირად ასეთ პაციენტებს, სათანადო ახსნა-განმარტების შემდეგ, ასოს ზომების გაზრდა კიდევაც გადაუფიქრებიათ.
რაც შეეხება ასოს გარშემოწერილობას, ამ პრობლემით მამაკაცები შედარებით იშვიათად მოგვმართავენ. როგორც ჩანს, მათ უმრავლესობას ასოს სიგრძე უფრო აშფოთებს.
მამაკაცის სასქესო ორგანო, ძირითადად, 18 წლამდე იზრდება, ამის შემდეგ - 25 წლამდე შესაძლებელია, ზომაში უმნიშვნელოდ მოიმატოს.
არსებობს მოსაზრება, რომ ასოს ზომები უარყოფით კორელაციაშია ასაკთან, ანუ ხანშიშესული მამაკაცების უმრავლესობას მისი ზომა უმცირდება.
როგორ გავზომოთ სწორად სასქესო ორგანო?
სასქესო ორგანოს ზუსტი ზომის დასადგენად, საჭიროა:
ასო გაიზომოს აუცილებლად ერექციის მდგომარეობაში;
გაზომვა მოხდეს მუცლის მხრიდან და არა სათესლეების მხრიდან (ანუ სახაზავი მოთავსდეს ასოს ზევით და არა მის ქვევით ან გვერდზე);
გაზომვისას არ უნდა მოხდეს ასოს ფუძის ნაწილის გაზომვა, რომელიც ბოქვენის ძვლის ქვეშ მდებარეობს;
ასო უნდა გაიზომოს სხვადასხვა დღეს და სხვადასხვა დროს (ასეთი მიდგომა, ითვალისწინებს ასოს ზომის იმ ვარიაციებსაც, რომლებიც შესაძლოა, სქესობრივი აგზნების დონეზე, ტემპერატურაზე, დღის მონაკვეთსა ან სქესობრივი აქტების სიხშირეზე იყოს დამოკიდებული.).
ასოს ზრდაზე პასუხისმგებელი ფაქტორები.
მამაკაცის სასქესო ორგანო 18 წლამდე იზრდება და მის ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: გენეტიკური ფაქტორი, ფიზიკური აღნაგობა, ჰორმონალური ცვლილებები და ენდოკრინული პრობლემები (ზრდის ჰორმონის ან გონადოტროპინების უკმარისობა, ანდროგენებისადმი მგრძნობელობის დაქვეითება და ა.შ.).
ამიტომ მშობელმა პატარა ასაკიდანვე უნდა მიაქციოს ბიჭის განვითარებას ყურადღება და ნებისმიერი პათოლოგიის (სათესლე ჯირკვლების სათესლე პარკიდან ზემოთ ასვლა, ასოს ფორმის არაბუნებრივი ცვლილება ან ზრდაში ჩამორჩენა და ა.შ.) აღმოჩენისთანავე ბავშვთა უროლოგთან მიიყვანოს.
არის თუ არა ასოს ზომა მამაკაცის სქესობრივი ცხოვრების განმსაზღვრელი?
მამაკაცებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ - ასოს ზომა სქესობრივი ცხოვრების განმსაზღვრელი არ არის. თუ მამაკაცის სასქესო ორგანო ნორმალურად ფუნქციონირებს (არ არსებობს ერექციული ან ეაკულაციის პრობლემა), ზომის მიუხედავად, მას ჩვეულებრივად შეუძლია სქესობრივი კონტაქტი ქალიშვილთან თუ არაქალიშვილთან, ქალის დაფეხმძიმება, ორგაზმის განცდა და ა.შ.
ვფიქრობ ასეთ დროს უფრო ფსიქოლოგიურ პრობლემასთან, კერძოდ, არასრულფასოვნების განცდასთან გვაქვს საქმე, რაც, ძირითადად, ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული. ამიტომ უმჯობესია, ამ ტიპის ინფორმაცია ექიმი-სექსოპათოლოგისგან მივიღოთ და არა ქუჩაში.
ასოს გაზრდის მეთოდები.
ასოს გაზრდის სხვადასხვა მეთოდები არსებობს, ესენია: ასოზე შესაზელი მალამოები, დასალევი აბები, ვაკუუმ-მეთოდი, სპეციალური ვარჯიშები და ქირურგიული ოპერაცია.
ასოზე შესაზელი მალამოებისა და დასალევი აბების უმრავლესობა, მხოლოდ ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ იძლევა უმნიშვნელო შედეგს და ხშირ შემთხვევაში ეს ეფექტი დროებითია.
რაც შეეხება ასოს დაგრძელების ვაკუუმ-მეთოდსა და სპეციალურ ვარჯიშებს, ესეც საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია და მათ ჩასატარებლად სპეციალისტის ინსტრუქციაა საჭირო. თუმცა, ამ მეთოდების ხანგრძლივი და სწორი გამოყენებით ასოს გაზრდა შედარებით რეალურია.
და ბოლოს, ასოს გაზრდის ყველაზე რეალური საშუალებაა ქირურგიული ოპერაცია,რომლის მეშვეობითაც სასქესო ორგანოს როგორც სიგრძეში, ისე სისქეში რეალურად მომატებაა შესაძლებელი.
ქირურგიული ოპერაციის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ერთ-ერთ მათგანი, სპეციალური ოპერაციული ტექნიკის მეშვეობით, საკიდი იოგის გადაკვეთას და მის ოდნავ წინ დაფიქსირებას ითვალისწინებს, რაც ასოს 2-3 სმ-ით მომატებას უზრუნველყოფს.
ოპერაციის სხვა ვარიანტები კი ითვალისწინებს: ასოს სხეულში პაციენტის ცხიმოვანი ქსოვილების გადანერგვას, სპეციალური გელების შეყვანას და ა.შ.