პედოფილია – ფსიქოლოგიური დარღვევა თუ დანაშაული?!
პედოფილია – ფსიქოლოგიური დარღვევა თუ დანაშაული?!
allmedic
პედოფილია – ფსიქოლოგიური დარღვევა თუ დანაშაული?!
პედოფილია – ფსიქოლოგიური დარღვევა თუ დანაშაული?!
პედოფილია – ფსიქოლოგიური დარღვევა თუ დანაშაული?!

რა არის პედოფილია?

პედოფილია (ძვ.ბერძნ. „პედო“ – ბავშვს, „ფილია“ კი სიყვარულს ნიშნავს) ფსიქოლოგიური დარღვევაა, რომელიც ვლინდება სექსუალური ლტოლვით ბავშვების მიმართ. პედოფილებს ლტოლვა უჩნდებათ, როგორც პრეპუბერტატული (11 წლამდე), ასევე პუბერტატული ასაკის (12-18 წელი) ბავშვების მიმართ. სხვა შემთხვევაში, საუბარია მხოლოდ ასაკობრივ სხვაობაზე, რომელიც ზოგისთვის ჩვეულებრივი ამბავია და არანაირ ფსიქოლოგიურ დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ასეთ შემთხვევებსაც სკეპტიკურად უყურებს. 
პედოფილია სპეციფიკური შეიძლება იყოს სექსუალური ლტოლვის მიხედვით და შეიძლება, ინტერესი გამოიხატებოდეს როგორც ბიჭების, ასევე გოგონების მიმართ, ან ორივეს მიმართ ერთდროულად. 
აღსანიშნავია, რომ პედოფილია უფრო მეტად გამოხატულია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.
რაც შეეხება პედოფილსა და მისი ინტერესის ობიექტს შორის ზღვარს – პედოფილი შეიძლება იყოს 16 წლის ან მეტი ასაკის და 5 წლით უფრო დიდი თავისი ინტერესის ობიექტზე (ამ შემთხვევაში, ინტერესის ობიექტი აუცილებლად ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებში უნდა ჯდებოდეს). შესაბამისად, 16 წლის ბავშვი, რომელიც სექსუალურ ურთიერთობას დაამყარებს 10-11 წლის ბავშვთან, პედოფილად ითვლება.
ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ არასრულწლოვან გოგონებს ზრდასრულ მამაკაცებზე ათხოვებენ - ამას არც კანონის დარღვევად მიიჩნევს ვინმე და არც ამორალურ საქციელად. პირიქით, ორივე მხარე კმაყოფილია: ერთი მიიჩნევს, რომ ქალიშვილი „პატრონს“ ჩააბარა, მეორე კი ფიქრობს, რომ ცოლს „თავის ჭკუაზე გაზრდის“ და მოსალოდნელ ღალატს, ცოლის ურჩობასა თუ, კაცმა არ იცის, კიდევ რას, თავიდან აიცილებს. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დიდი პრობლემაა.

პედოფილია და კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ბავშვად ითვლება ადამიანი დაბადების მომენტიდან 18 წლის ასაკამდე. აღნიშნული კანონითვე განისაზღვრება ბავშვის უფლებაუნარიანობა და ქმედითუნარიანობა. სისხლის სამართლის კოდექსი დანაშაულად მიიჩნევს და ადგენს პასუხისმგებლობას ბავშვის მიმართ ჩადენილი გარკვეული ქმედებისთვის, ან თუ ასეთი ქმედებებისთვის, ზოგადად, დადგენილია პასუხისმგებლობა, უფრო ამკაცრებს ამ პასუხისმგებლობას მათი ბავშვის მიმართ ჩადენის შემთხვევაში. მაგალითად, მცირეწლოვნის გაუპატიურება ამძიმებს, ზოგადად, გაუპატიურებისთვის დადგენილ პასუხისმგებლობას. ასევე, დასჯადია: სქესობრივად მოუმწიფებელ პირთან სქესობრივი კავშირი ან გარყვნილი ქმედება, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი მამათმავლობა, არასრულწლოვნისთვის ვენერიული სენის შეყრა და ა.შ. 
შესაბამისად, პედოფილია არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიური დარღვევა, ის დანაშაულია და კანონით მკაცრად ისჯება.

რა იწვევს პედოფილიას?

საგულისხმოა, რომ პედოფილების უმრავლესობა ბავშვობაში თავად ყოფილა პედოფილური კავშირის მსხვერპლი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნორმალურ პირობებში აღზრდილ ადამიანს არ შეიძლება, მსგავსი დარღვევა აღმოაჩნდეს.  
გარდა ამისა, პედოფილია შეიძლება გამოწვეული იყოს არასრულფასოვნების კომპლექსით

მკურნალობა

არსებობს პედოფილიის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები:  ქცევაზე გარეგანი კონტროლი, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, დინამიკური ფსიქოთერაპია, კომორბიდული მდგომარეობების (დეპრესია, შფოთვა) მკურნალობა, კოგნიტურ-ქცევითი თერაპიები და ა.შ. თუმცა, პედოფილიის განსაკუთრებით მძიმე ფორმის შემთხვევაში საეჭვოა, პედოფილის სრულად განკურნება მოხდეს, უფრო რეალურია პროცესის მართვაზე საუბარი.

  როგორ უნდა მოიქცეს არასრულწლოვანის მშობელი?

ყურადღებით იყავით იმ მამაკაცებთან (ზოგ შემთხვევაში, საჭიროა ყურადღების გამოჩენა ქალებთანაც), რომლებიც მუდმივად ცდილობენ, ბავშვს ფიზიკურად შეეხონ და მოეფერონ, თუნდაც ეს ადამიანი ბავშვის ნათესავიც იყოს (ყველაზე ხშირად, პედოფილი თავის მსხვერპლს ახლო გარემოში ეძებს). 
დააკვირდით, ხომ არ ცდილობს ის, შეეხოს ბავშვს სასქესო ორგანოზე ან საჯდომზე. როგორც წესი, ამას ვითომ შემთხვევით, მაგრამ ხშირად აკეთებენ. 
ნუ მისცემთ პარკში ან სკვერში უცხო კაცებს ბავშვებთან  ურთიერთობის უფლებას. ნუ გაუშვებთ ბავშვებს სკოლაში მარტო, სანამ არ წამოიზრდებიან და კარგად გააკონტროლეთ სკოლის ან იმ წრეების მასწავლებლები, სადაც ბავშვი დაგყავთ, ხომ არ სარგებლობენ ცუდი რეპუტაციით და ა.შ.

რა თქმა უნდა, სიფრთხილე და ყურადღება თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს, მაგრამ, ბუნებრივია, თქვენს შვილს ყველგან და ყოველთვის ვერ გაჰყვებით, ამიტომ ხშირად მიეცით მას რჩევები და აუხსენით, როგორ უნდა მოიქცეს უცხო ადამიანებთან და რა სიტუაცია შეიძლება აღმოჩნდეს მისთვის სახიფათო.

allmedic