გამონადენი საშოდან - როდის მივმართოთ ექიმს
გამონადენი საშოდან - როდის მივმართოთ ექიმს
allmedic
გამონადენი საშოდან - როდის მივმართოთ ექიმს
გამონადენი საშოდან - როდის მივმართოთ ექიმს
გამონადენი საშოდან - როდის მივმართოთ ექიმს

რაც უფრო მეტი ვიცით ჩვენი ორგანიზმის შესახებ, მით უფრო მარტივად ვხვდებით, როდის საჭიროებს ის დახმარებას. გამონადენი სასქესო ორგანოდან ყველაზე ხშირად აწუხებთ ქალებს. ზოგიერთი ქალი ფიქრობს, რომ ეს რაიმე დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია. არა და, საშო მუდმივად შეიცავს ლორწოს, რომელიც პერიოდულად გარეთ გამოიყოფა. სასქესო ორგანოებიდან მცირე რაოდენობის გამონადენი ყველა ასაკის ქალისთვის ჩვეული მოვლენაა.  გამონადენის რაოდენობა დამოკიდებულია საშოში სხვადასხვა მიკროორგანიზმების სიჭარბეზე. თუ გამონადენის რაოდენობა 24 საათში 2 მლ-ს არ აღემატება და იგი ლორწოვანია, უფერული, ან რძისფერი, მაშინ ნერვიულობის მიზეზი არ გაგაჩნიათ. ნორმალურ გამონადენს სუნი არ გააჩნია და დისკომფორტის შეგრძნებას არ იწვევს.  

ზოგიერთმა ფაქტორმა, შესაძლოა, გამონადენის რაოდენობის ზრდა გამოიწვიოს. მაგალითად: ორსულობა, სქესობრივი აგზნება, ოვულაცია, ორალური და საშოსშიდა კონტრაცეპტივების გამოყენება, სტრესი და სხვა.

გამონადენის არსებობას ესტროგენები განაპირობებს, რომელიც ქალში სქესობრივი მომწიფების შემდეგ, პირველი მენსტრუაციის წინ იმატებს. ასეთი გამონადენი ბრინჯის ნახარშის მსგავსი უნდა იყოს.

სქესობრივი მომწიფების დაწყების შემდეგ გამონადენი იღებს ციკლურ ხასიათს და მენსტრუაცია რეგულარული ხდება. მოწიფული ქალის საშოდან გამონადენის ოდენობა დამოკიდებულია ჰორმონულ ფონსა და მენსტრუაციული ციკლის ფაზაზე. ციკლის შუაში გამოიყოფა ჭარბი და წევადი ლორწოვანი გამონადენი, რომელიც კვერცხის ცილას მოგვაგონებს. გამონადენს, აგრეთვე, შეიძლება ჰქონდეს კრემისებური კონსისტენცია და მოთეთრო ელფერი დაკრავდეს.

გამონადენს ყურადღება უნდა მივაქციოთ თუ:

  • თან ერთვის წვა და ქავილი;
  • გამონადენი ხაჭოსებრია;
  • გააჩნია მოყვითალო ან მომწვანო ფერი;
  • აქვს თევზის ან საფუვრის მკვეთრი სუნი;
  • საშოს ირგვლივ არის წყლულები, ბუშტუკები ან სხვა სახის გამონაყარი;
  • განიცდით ტკივილს სქესობრივი აქტის ან შარდვის დროს.

ასეთი სახის გამონადენი შეიძლება რომელიმე ინფექციური დაავადების (ვაგინალური კანდიდოზი, ბაქტერიული ვაგინოზი, გონორეა, ქლამიდიოზი და სხვ.) სიმპტომი იყოს.

 ამ დაავადებების ყურადღების მიღმა დატოვება დაუშვებელია!

თვითმკურნალობა, როგორც წესი შედეგებს არ იძლევა. დაავადება კი პროგრესირებას განაგრძობს. მკურნალობის დაგვიანების ან არასწორად ჩატარების შემთხვევაში შეიძლება ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგეს.

აუცილებელია, მიმართოთ ექიმს, დაადგინოთ გამონადენის მიზეზები და საჭიროების შემთხვევაში დაიწყოთ მკუნალობა. 

allmedic