როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი დაგვიანებულ ეაკულაციაზე?
როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი დაგვიანებულ ეაკულაციაზე?
allmedic
როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი დაგვიანებულ ეაკულაციაზე?
როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი დაგვიანებულ ეაკულაციაზე?
როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი დაგვიანებულ ეაკულაციაზე?

რა არის დაგვიანებული ეაკულაცია?

დაგვიანებული ეაკულაცია – ეს არის მდგომარეობა, როდესაც მამაკაცს ნორმალური სექსუალური აღგზნებისა და სტიმულაციის მიუხედავად, დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება ეაკულაციის (თესლის დაღვრის) მისაღწევად, ან საერთოდ ვერ ახერხებს ამას.

არის შემთხვევები, როდესაც მამაკაცს შეუძლია, დროულად განიცადოს ორგაზმი მასტურბაციის დროს, მაგრამ ორგაზმი გაძნელებულია სქესობრივი აქტის შესრულებისას.

დაგვიანებული ეაკულაციის ორი ძირითადი ფორმა არსებობს: თანდაყოლილი და შეძენილი.

დაგვიანებული ეაკულაციის თანდაყოლილი ფორმის დროს, აღნიშნული პრობლემა მამაკაცს მთელი ცხოვრების მანძილზე  (სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან) აღენიშნება;

დაგვიანებული ეაკულაციის შეძენილი ფორმის დროს კი პრობლემა ნორმალური სქესობრივი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ვითარდება.  

 

როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი დაგვიანებულ ეაკულაციაზე?

ბევრ მამაკაცს აინტერესებს, რამდენი წუთი უნდა გრძელდებოდეს ნორმალური სქესობრივი აქტი და როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი დაგვიანებულ ეაკულაციაზე?! ნორმალური სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა და ეაკულაციის დადგომის დრო მეტად ვარიაბელურია და შესაძლოა, 3-7 წუთიდან 10- 30 წუთამდე მერყეობდეს. რაც შეეხება დაგვიანებულ ეაკულაციას, მასზე საუბარია იმ შემთხვევაში, როცა სასქესო ასოდან თესლის გადმონთხევა საერთოდ არ ხდება, ან ხდება დაახლოებით 30-45 წუთის შემდეგ (ან უფრო გვიან).

დაგვიანებული ეაკულაცია შესაძლოა, დროებითი მოვლენაც იყოს და სქესობრივი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე სიტუაციურად (არასასიამოვნო პარტნიორი, არახელსაყრელი გარემო, არასაკმარისი სტიმულაცია და ა.შ.) განვითარდეს. როგორც წესი, ასეთი შემთხვევა საშიში არ არის და არავითარ მკურნალობას არ საჭიროებს. ის კი არა, პირიქით – პარტნიორისთვის შესაძლოა, დადებით ასპექტადაც განიხილებოდეს, რადგან ასეთ დროს ქალი ორგაზმის განცდას არაერთჯერ ახერხებს.

 

დაგვიანებული ეაკულაციის მიზეზები

დაგვიანებული ეაკულაცია შესაძლოა, სხვადასხვა ორგანული თუ ფსიქიკური მიზეზების გამო განვითარდეს, ეს მიზეზებია:

მენჯის ნერვების დაზიანება (მენჯის ნერვები პასუხისმგებელია ორგაზმზე);

რეპროდუქციული სისტემის თანდაყოლილი ანომალიები;

ინფექციური დაავადებები (მათ შორის შარდსასქესო სისტემის);

გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები;

პროსტატაზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის პროსტატის ტრანსურეთრალური რეზექცია);

ზოგიერთი ნევროლოგიური და ენდოკრინული დაავადება (გაფანტული სკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი, ზურგის ტვინის დაავადებები და ა.შ.);

ჰორმონალური დარღვევები (მათ შორის ჰიპოთირეოდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება) და ჰიპოგონადიზმი (ტესტოსტერონის ნაკლოვანება);

ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი მიღება (მათ შორის ანტიდეპრესანტების, წნევის წამლების, დიურეტიკების და ა.შ.);

ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების რეგულარული მიღება;

საკუთარ მამაკაცურ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა;

ასაკი (ასაკის მატებასთან ერთად მამაკაცს ეაკულაციის მისაღწევად სულ უფრო მეტი დრო სჭირდება);

დეპრესია, შფოთვითი მდგომარეობები, ემოციური სტრესი და ა.შ.

 

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?

დაგვიანებული ეაკულაციის დიაგნოსტიკა პაციენტის ფიზიკურ გასინჯვას (ასოსა და სათესლე ჯირკვლების დათვალიერება, გენიტალიების მგრძნობიარობის შემოწმება და ა.შ.) და ანამნეზის შეკრებას ითვალისწინებს, თუმცა გამომწვევი მიზეზის დასადგენად აუცილებელია დამატებითი კვლევებიც (სისხლისა და შარდის ანალიზი და ა.შ.) ჩატარდეს.

 

მკურნალობა

დაგვიანებული ეაკულაციის მკურნალობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მისი განვითარების მიზეზებზე.

სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა მედიკამენტები (როგორც ძირითადი დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ასევე დოფამინერგული, სეროტონინის უკუტაცების ინჰიბიტორები და კალციუმის არხების ბლოკატორები) და ფსიქოთერაპია.

გარდა ამისა, მიზანშეწონილია:

ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე უარის თქმა;

სიგარეტისთვის თავის დანებება;

ვარჯიში;

ძილის მოწესრიგება;

სტრესული სიტუაციებისგან თავის არიდება;

ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული კონტროლი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაგვიანებული ეაკულაციის მკურნალობის პროცესში აუცილებლად ორივე პარტნიორი ჩაერთოს.

allmedic