
რა არის ვუმბილდინგი/იმბილდინგი?
ვუმბილდინგი/იმბილდინგი - ინტიმური კუნთების გასამაგრებელ ტრენაჟორული მეთოდიკაა, რომელიც აღნიშნული კუნთების გაძლიერებისა და მათი მართვის ტექნიკის დაუფლებისთვის გამოიყენება და ძალზედ მნიშვნელოვანია სქესობრივი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
ვუმბილდინგი/იმბილდინგის ისტორია
ინტიმური კუნთების ფორმის შენარჩუნებისათვის უძველესი დროიდან ზრუნავდნენ. მაგალითად, ჩინეთში, იაპონიაში და სხვა აღმოსავლურ ქვეყნებში ჯერ კიდევ შორეულ წარსულში, მიმართავდნენ ინტიმური კუნთების მართვის ხელოვნებას და „სიყვარულის“ კუნთების განვითარებისათვის სხვადასხვა ვარჯიშებს, ტრენაჟორებს, ქვისა თუ ხის კვერცხებს იგონებდნენ. მსგავსი ვარჯიშები აღწერილია ისეთ ძველ ტრაქტატებშიც, როგორიცაა: „კამასუტრა“, „ტანტრე“, „დაო“ და ა.შ.
თანამედროვე სამყაროში კი, ინტიმური კუნთების გამაგრების შესახებ მეცნიერებას საფუძველი სამხრეთ კალიფორნიის მედიცინის პროფესორმა - არნოლდ კეგელიმ ჩაუყარა, რომელმაც 1940 -იანი წლების ბოლოს მშობიარობის შემდგომი შარდის შეუკავებლობის მექანიზმის შესწავლისას აღმოაჩინა, რომ აღნიშნული პრობლემის მიზეზი შორისის კუნთების სისუსტე იყო, პრობლემის გადაწყვეტას კი სწორედ ამ კუნთების გამაგრებაში ხედავდა.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, არნოლდ კეგელიმ სპეციალური ვარჯიშების კომპლექსი და თანამედროვე ინტიმური ტრენაჟორი შეიმუშავა, რომლებიც მოგვიანებით, რუსეთში აღმოსავლური პრაქტიკისა და არნოლდ კეგელის სწავლების მიმდევრებმა - ი. კორნევიმ და ვ. მურავინსკიმ კიდევ უფრო დახვეწეს და მათ მიერ შემოთავაზებულმა ინტიმური კუნთების ვარჯიშებმა მიიღო „ვუმბილდინგი“-სა და „იმბილდინგი“-ს სახელწოდება.
დღესდღეობით ორივე ზემოთ აღნიშნული მეთოდიკა (ვუმბილდინგი/იმბილდინგი) ფართოდ გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში წარმატებით გამოიყენება.
ვუმბილდინგი/იმბილდინგის გამოყენების ჩვენებები
ვუმბილდინგი/იმბილდინგის მეთოდიკის გამოყენება ეფექტურია - შორისის კუნთების სისუსტისას.
შორისის კუნთების სისუსტის ნიშნებია:
სიცილისა და ხველის დროს ქალებში შარდის შეუკავებლობა;
მოშარდვის იმპერატიული (ბრძანებითი) სურვილი;
ანორგაზმია ან საშოს მგრძნობელობის დაქვეითება (სქესობრივი აქტის დროს);
საშოში ჰაერის მოხვედრა (დახრისას, სქესობრივი სიახლოვისას);
საშოში წყლის მოხვედრა (აბაზანაში ან აუზში ყოფნისას) და ა.შ.
აღნიშნული მეთოდიკის გამოყენება ასევე ნაჩვენებია - სწორი ნაწლავის ზოგიერთი დაავადების (ჰემოროი, განავლის შეუკავებლობა და ა.შ.), მცირე მენჯის ღრუს ორგანოების დაწევისა და შეგუბებითი პროცესების სამკურნალოდ, ასევე - დიაფრაგმისა და მუცლის პრესის კუნთების გასაძლიერებლად.
ვუმბილდინგი/იმბილდინგის ტექნიკა
ინტიმური კუთების განვითარებისთვის ვუმბილდინგი/იმბილდინგის ტექნიკის გამოყენება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და თითქმის ყველა ქალს შეუძლია ამ ვარჯიშების დამოუკიდებლად გაკეთება, მაგრამ სანამ ვარჯიშებს შეუდგებით, აუცილებელია იცოდეთ თუ რომელ კუნთებზეა საუბარი. ამისთვის საჭიროა:
როდესაც ტუალეტში შეხვალთ, მოშარდვის პროცესში წამით შარდი შეიკავოთ და დააფიქსიროთ თუ რომელი კუნთები დაგეჭიმათ. ეს სწორედ ის კუნთებია რომლებსაც მშობიარობის შემდეგ გავარჯიშება სჭირდება. (ეს პროცედურა საჭიროა მხოლოდ შორისის კუნთების შესაცნობად და საკმარისია მხოლოდ ერთხელ გააკეთოთ).
რაც შეეხება თავად ვარჯიშებს, ის სამი ნაწილსგან შედგება:
ვარჯიში I – „მოჭერა“
დაჯექით სკამზე, გასწორდით წელში და შეეცადეთ ძლიერად დაძაბოთ შორისის კუნთები, დაყოვნდით ასეთ მდგომარეობაში 5-20 წამი, შემდეგ კი სრულად მოდუნდით. ამის შემდეგ, ისევ დაძაბეთ იგივე კუნთები, 3-5 წუთის შემდეგ უფრო მეტად „მოუჭირეთ“, შემდეგ კიდევ უფრო მეტად... და ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ მაქსიმალურ „მოჭერას“ არ მიაღწევთ.
აღნიშნული ვარჯიში 10-ჯერ უნდა გაიმეოროთ;
ვარჯიში II – „შეკუმშვა“
შეეცადეთ შორისის კუნთები რაც შეიძლება ჩქარ-ჩქარა შეკუმშოთ და მოადუნოთ. ეს ვარჯიში შეგიძლიათ აკეთოთ როგორც დამჯდარ მდგომარეობაში, ისე ნებისმიერი საქმიანობის დროს;
ვარჯიში III – „გამოტყორცნა“
ეს ვარჯიში ნამშობიარევ ქალებს სამშობიარო ჭინთვებს მოაგონებს, ანუ ქალმა უნდა გააკეთოს შორისის კუნთების ისეთივე მოძრაობები, როგორც სამშობიარო ჭინთვებისას. არანამშობიარევი ქალებისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, ეს, დაახლოებით, დეფეკაციის დროს განვითარებულ ჭინთვებს უნდა ჰგავდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში არა უკანა ტანის სფინქტერი, არამედ საშოს კუნთები უნდა დაჭიმონ.
მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად მთავარია რეგულარული ვარჯიში, რაც უზრუნველყოფს ქსოვილებისადმი სისხლის მიწოდების გაუმჯობესებას, გააძლიერებს შორისის კუნთებს და სულ რაღაც რამდენიმე კვირაში საშო ძველებურად ელსატიკური, ვიწრო და მგრძნობიარე გახდება, რაც ქალს სრულფასოვან სქესობრივ ცხოვრებას დაუბრუნებს.
ვუმბილდინგი/იმბილდინგის ტექნიკასთან ერთად, შეგიძლიათ კეგელის ვარჯიშების, ან სპეციალური ტრენაჟორების გამოყენება, თუმცა ასეთ შემთხვევაში შესაბამისი კონსულტაცია პირდმა ექიმმა-სექსოლოგმა უნდა გაგიწიოთ.
ვუმბილდინგი/იმბილდინგის ტექნიკის გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ ქალებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ:
საშვილოსნოსმიერი ან ნებისმიერი პოსტოპერაციული სისხლდენა;
გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები (მაგალითად ფლებიტი და ტრომბოფლებიტი, ვენების ვარიკოზული დაავადება და ა.შ.);
მწვავე ანთებითი დაავადებები.