
ალერგიისა და ორსულობის თანხვედრა, ცხადია, არ არის სასიამოვნო, მაგრამ ალერგია ორსულობის უკუჩვენებად არ მიიჩნევა. ორსულობისას ალერგიის მიმდინარეობა სხვადასხვანაირად შეიძლება წარიმართოს: შემსუბუქდეს, გამწვავდეს ან უცვლელი დარჩეს. დადგენილია, რომ ორსულის ორგანიზმში იმატებს ჰორმონ კორტიზოლის დონე, რომელსაც ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. ამიტომაა, რომ ორსულებს ალერგია იშვიათად აღენიშნებათ, ან მსუბუქი ფორმით უვლინდებათ.
ალერგიული დაავადებებიდან ორსულებში განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება. გარდა ამისა, არსებობს კანის ალერგიული მდგომარეობა (ჭინჭრის ციების განსაკუთრებული სახეობა), რომელიც, ჩვეულებრივ, სწორედ პირველი ორსულობის დროს იჩენს თავს.
თუ მომავალი დედა ალერგიულია, სავსებით შესაძლებელია (თუმცა არა გარდაუვალი), ალერგია ბავშვსაც აღმოაჩნდეს. მუცლად მყოფი ბავშვი ალერგენებს თავიდანვე ხვდება, მაგრამ ზემგრძნობელობის ჩამოყალიბება (ანუ ნაყოფის ორგანიზმში იმ ანტისხეულების წარმოქმნა, რომლებიც ალერგენის მომდევნო შეჭრისას ალერგიული რეაქციის პროვოცირებას ახდენს) ხდება მაშინ, როდესაც ნაყოფის იმუნური სისტემა სიმწიფის განსაზღვრულ საფეხურს აღწევს - ორსულობის დაახლოებით 22-ე კვირას. ამ ეტაპზე ყალიბდება განსაზღვრული ალერგენისადმი მომატებული მგრძნობელობა, დაბადების შემდეგ კი, ალერგენთან ხელახალი შეხვედრისას, ალერგიული რეაქცია იწყება.
ორსულობისას ყოველგვარი მედიკამენტის მიღებისას სიფრთხილე გვმართებს. არც ალერგიის საწინააღმდეგო წამლებია გამონაკლისი. ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების სამმართველოს მონაცემების თანახმად, ორსულობის დროს არც ერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი არ არის სრულიად უვნებელი. ორსულობის პერიოდში მედიკამენტის დანიშვნამდე ექიმი ყოველთვის აფასებს რისკს, რომელიც ახლავს კონკრეტული მედიკამენტის გამოყენებას. მას უფრო მეტი სარგებლობა უნდა მოჰქონდეს, ვიდრე ზიანი.
მუცლად მყოფი ბავშვისთვის ალერგიული დაავადებების პროფილაქტიკას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს. პროფილაქტიკა გულისხმობს ორსულის რაციონში ძლიერ ალერგიული პროდუქტების შეზღუდვას, ხოლო მძიმე შემთხვევებში მათ რაციონიდან გამორიცხვას - კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ხომ ალერგენებისთვის მთავარი კარიბჭეა. ჯანმრთელი ორსულებისთვის ასეთი მძიმე შეზღუდვა, რასაკვირველია, აუცილებელი არ არის. საკმარისია, არ მიირთვან ალერგიული პროდუქტები ყოველდღიურად და ერთდროულად - ხანგამოშვებით რაციონში მათი ჩართვა შეიძლება. სარისკო პროდუქტებზე უარი უნდა თქვან იმ ქალბატონებმაც, რომლებსაც ერთხელ მაინც ჰქონიათ ასეთ პროდუქტებზე ამა თუ იმ ტიპის ალერგია, ხოლო თუ ქალს აქვს ალერგიული დაავადება: ბრონქული ასთმა, ალერგიული დერმატიტი, ალერგიული რინიტი და სხვა, - მოუწევს, რაციონიდან პროდუქტების მთელი ჯგუფები ამოიღოს.
საკვები პროდუქტები ალერგიულობის ხარისხის მიხედვით ამგვარად ნაწილდება:
მაღალი ხარისხი - ძროხის რძე, თევზი, ზღვის პროდუქტები, ხიზილალა, კვერცხი, ციტრუსები, კაკალი, თაფლი, სოკო, ქათმის ხორცი, მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, ანანასი, ნესვი, ხურმა, შავი მოცხარი, შოკოლადი, ყავა, კაკაო, მდოგვი, პომიდორი;
საშუალო ხარისხი - ღორის ხორცი, წითელი მოცხარი, კარტოფილი, ინდაურის ხორცი, კურდღელი, ფორთოხალი, გარგარი, მწვანე წიწაკა, სიმინდი, შტოში, კომბოსტო;
დაბალი ხარისხი - ყაბაყი, პატისონი, თალგამი, გოგრა, ვაშლი, თეთრი მოცხარი, ხურტკმელი, ქლიავი, ცხვრის ხორცი, თეთრი ბალი, კიტრი.
ორსულისა და მელოგინისთვის არამც და არამც არ შეიძლება სიგარეტის მოწევა. მწეველთა შვილებს ალერგიული დერმატიტისა და ბრონქული ასთმის განვითარების უფრო მაღალი ალბათობა აქვთ. საშიშია პასიური მოწევაც.
რაც შეიძლება მეტი ხანი გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
- ბუმბულის ბალიშები და საბნები სინთეტიკურით შეცვალეთ.
- ბინა ხშირად გაანიავეთ და ყოველდღე დაალაგეთ სველი წესით, კვირაში ერთხელ კი მტვერსასრუტით დაასუფთავეთ ხალიჩები და რბილი ავეჯი, გაბერტყეთ და გაამზეურეთ ბალიშები.
- ორსულობის დროს თავი არიდეთ ხალიჩებს, სურათებს, შტორებს - ისინი მტვრის ნამდვილი ბუდეა.
- ყოველგვარი მედიკამენტი მიიღეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და მისი დანიშნულებისამებრ.
- აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები.