
რა არის ნიმფომანია?
ნიმფომანია - ჰიპერსექსუალურობის ერთ-ერთ ფორმაა და ქალებში სქესობრივი ლტოლვის პათოლოგიურ მომატებას წარმოადგენს. რაც სხვადასხვა პარტნიორთან სხვადასხვა სახის სქესობრივი ურთიერთობებისადმი იმპულსურ, არაკონტროლირებად და ობსესიურ ლტოლვაში ვლინდება.
ასაკიდან გამომდინარე ორი სახის ნიმფომანიას განასხვავებენ - ნიმფომანია ახალგაზრდა ქალებში და კლიმაქტერული ნიმფომანია.
ახალგაზრდა ქალები ნიმფომანიის სიმპტომებით, როგორც წესი, თავს ავადმყოფებად არ მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ მხოლოდ ტემპერამენტულები არიან.
კლიმაქტერული ნიმფომანია კი კლიმაქსის დადგომისთანავე ან პოსტკლიმაქტერულ პერიოდში ვითარდება და მას ხშირად თან ერთვის შიზოფრენია და ფსიქოპათიები.
როგორ გამოიხატება ნიმფომანია?
ნიმფომანიისთვის დამახასიათებელია: მოჭარბებული და უკონტროლო სექსუალური ლტოლვა (რის გამოც ამ მდგომარეობით შეპყრობილი ქალი მუდმივად ახალახალი სქესობრივი კავშირებისკენ ისწრაფვის ისე, რომ მისთვის სულერთია პარტნიორი სქესი, ასაკი და გარეგნობა);
მუდმივი სექსუალური დაუკმაყოფილებლობა (ნიმფომანია ხშირად დაკავშირებულია ანორგაზმიასთან და მრავალჯერადი სქესობრივი კონტაქტებიც კი ქალის დაკმაყოფილებას ვერ წვევს); ეროტიკული ფანტაზიები; აგრესიულობა.
გამომწვევი მიზეზები
ნიმფომანიის მიზეზებად სექსოლოგები სხვადასხვა ორგანულ დაავადებებსა და ფსიქოლოგიურ დარღვევებს მოიაზრებენ. ორგანული მიზეზებიდან აღსანიშნავია: ჰორმონალური ფონის მკვეთრი ცვლილება; საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის სხვადასხვა პათოლოგიები; ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება; თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგია ან ტრავმა.
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ დარღვევებს, ესენია: მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, ფსიქოპათიები, შიზოფრენია, ნევროზი, გადატანილი სექსუალური ძალადობა; ანორგაზმია, ფრიგიდულობა, ბავშვობაში სექსუალობასთან დაკავშირებული ქცევების მკაცრი აკრძალვა და ა.შ.
არის შემთხვევები, როდესაც აღნიშნული დარღვევა ორსულობის, კლიმაქსის ან ზოგიერთი მედიკამენტის მიღებისას ვითარდება.
ასევე, არსებობს ნომფომანიის თანდაყოლილი ფორმა, რომელიც ადრეული ასაკიდანვე იჩენს თავს.
იკურნება თუ არა ნიმფომანია?
არსებობს მდგომარეობები, რომლებიც ახლოს არის ნიმფომანიასთან, მაგალითად: ქალს შეიძლება ჰყავდეს რამდენიმე პარტნიორი არასექსუალური მოტივებით, ჰქონდეს მომატებული ლიბიდო და ა.შ. ნიმფომანიასა და ამ მდგომარეობებს შორის განსხვავება ის არის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებისას ქალის შეუძლია, საკუთარ თავსა და საქციელის მარტივად აკონტოლი, ხოლო ნიმფომანს არ შეუძლია სექსუალური სურვილების კონტროლი.
გარდა ამისა, ზოგ ქალს მოსწონს კიდეც მომატებული ლიბიდოს და პერმანენტული სქესობრივი ლტოლვის შეგრძნება, ამას დადებითად აღიქვამს და ექიმს არ აკითხავს, ამიტომაც რთულდება საზღვრის გავლება ნორმასა და პათოლოგიას შორის.
აქედან გამომდინარე, როგორც კი ქალი იგრძნობს, რომ საკუთარ სექსუალურ სურვილებთან გამკლავება არ შეუძლია, კონსულტაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ-სექსოლოგს.
ნიმფომანიას მკურნალობენ: სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატებით (როგორც მოჭარბებული სქესობრივი ლტოლვის დასაქვეითებლად, ასევე გამომწვევი დაავადებების სამკურნალოდ); ფსიქოთერაპიით (ფსიქოთერაპიის მიზანია, ასწავლოს პაციენტს მოჭარბებული სექსუალური ენერგიის სწორად გადანაწილება); ფიზიოთერაპიით.