
რა არის პეირონის დაავადება?
პეირონის დაავადება, იგივე ფიბროპლასტიკური ინდურაცია (ლათ. Induracio penis plastic – IPP) არცთუ იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც პენისის რბილ ქსოვილებში ხდება ფიბროზული ქსოვილის გამრავლება, რაც პენისის გამრუდება-მოხრას იწვევს და ამის გამო, ხშირად შეუძლებელი ხდება სქესობრივი აქტის ჩატარება
პეირონის დაავადებას სახელი ფრანგი ქირურგის - ფრანსუა პეირონის საპატივცემულოდ ეწოდა, რომელმაც ეს დაავადება ჯერ კიდეც 1743 წელს აღწერა.
მიმდინარეობის მიხედვით, არჩევენ დაავადების ორ ფაზას: მწვავე ანთებითი ფაზა და ფიბროზული სტადია.
მწვავე ანთებითი ფაზის დროს აღინიშნება პენისის ტკივილი (ძირითადად, ერექციისას), პენისის მიდამოში ჩნდება ფიბროზული (ე.წ. ბალთოვანი) წარმონაქმნები (რომლებიც ამ ფაზაში ჯერ კიდევ რბილია), პენისი იცვლის ფორმას და მრუდე ხდება.
დაავადების ფიბროზულ სტადიაში ტკივილის ინტენსივობა იმატებს, პენისის გამრუდება სულ უფრო მეტად შესამჩნევი ხდება, რბილი ფიბროზული წარმონაქმნები მკვრივდება და, საბოლოო ჯამში, ხდება მათი კალცინირება.
გამომწვევი მიზეზები
პეირონის დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი ერთ-ერთი გამომწვევი შეიძლება იყოს პენისის დაზიანება ან ტრავმა.
პეირონის დაავადების განვითარების დამატებით რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს:
შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტანზია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადება, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მიღება.
სიმპტომები
პეირონის დაავადებას თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:
ტკივილი პენისის მიდამოში (განსაკუთრებით ერექციის დროს);
პენისის გამრუდება (გამრუდების კუთხემ შესაძლოამ 90 გრადუსს და უფრო მეტსაც მიაღწიოს);
ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
პენისის სხეულში ფიბროზული (ე.წ. ბალთოვანი წარმონაქმნების) არსებობა.
პეირონის დაავადებამ, შესაძლოა, ერექციული დისფუნქციაც გამოიწვიოს.
პეირონის დაავადება ავთვისებიან სიმსივნედ არცერთ შემთხვევაში არ გადაგვარდება!
დიაგნოსტიკა
პეირონის დაავადების დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია ანამნეზის შეკრება, პენისის დათვალიერება და პალპაციით გასინჯვა (როგორც ერეგირებულ, ისე არაერეგირებულ მდგომარეობაში). დიაგნოსტიკის ყველაზე ინფორმატიულ საშუალებად კი - ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპია) მიიჩნევა.
მკურნალობა
პეირონის დაავადების მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: მედიკამეტოზური და ქირურგიული.
მედიკამენტოზური მკურნალობა დაავადების საწყის ეტაპზე ინიშნება და ამისთვის გამოიყენება როგორც ორალურად მისაღები აბები, ასევე ინტრავენური და ადგილობრივი ინექციები.
რაც შეეხება დაავადების ქირურგიული გზით მკურნალობას, იგი ფიბროზული წარმონაქმნის რადიკალურ ამოკვეთას ითვალისწინებს, რის შემდეგაც, წარმოქმნილი დეფექტის ადგილას ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება პლასტიკური ოპერაციის ჩატარება.
თუმცა, ქირურგიულ ოპერაციასაც ახლავს გარკვეული სირთულეები, რომლებიც პოსტოპერაციულ პერიოდში იჩენენ თავს.