ფრიგიდულობა - როცა ქალისთვის სექსი უინტერესოა
ფრიგიდულობა - როცა ქალისთვის სექსი უინტერესოა
allmedic
ფრიგიდულობა - როცა ქალისთვის სექსი უინტერესოა
ფრიგიდულობა - როცა ქალისთვის სექსი უინტერესოა
ფრიგიდულობა - როცა ქალისთვის სექსი უინტერესოა

რა არის ფრიგიდულობა?

ფრიგიდულობა, ანუ სქესობრივი სიცივე არის მდგომარეობა, რომელიც სექსუალური კონტაქტებისადმი უინტერესობით, სქესობრივი ლტოლვის არქონითა და ემოციური თუ ფიზიკური დაუკმაყოფილებლობით ხასიათდება. შესაბამისად, ფრიგიდულად მიიჩნევა ქალი, რომელსაც არ გააჩნია ლიბიდო (სქესობრივი ლტოლვა), სექსუალური სტიმულაციისას არ განიცდის აგზნებას და ორგაზმს, ან აქვს შიშის ან ზიზღის გრძნობა სქესობრივი ურთიერთობის მიმართ. 
ფრიგიდულობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს (რა თქმა უნდა, მხოლოდ სქესობრივი მომწიფების შემდეგ) და ატარებდეს როგორც დროებით, ისე მუდმივ ხასიათს.
ფრიგიდულ ქალს თავისუფლად შეუძლია, ოჯახი შექმნას და შვილები იყოლიოს, თუმცა სხვა საკითხია, მუდმივი დაუკმაყოფილებლობის ფონზე საყვარელი ადამიანის შენარჩუნებას რამდენად შეძლებს.

ფრიგიდულობის გამომწვევი მიზეზები: 

გამომწვევი მიზეზების მიხედვით, ფრიგიდულობა შეგვიძლია დავყოთ ოთხ დიდ ჯგუფად:

თანდაყოლილი ფრიგიდულობა - საწინააღმდეგო სქესის მიმართ, სრულად (ან თითქმის სრულად) დაკარგულია სქესობრივი ლტოლვა, ეროგენულ ზონებს არ გააჩნიათ მგრძნობელობა გამაღიზიანებლის მიმართ და სქესობრივი აქტის დროს, ქალს ორგაზმის განცდა ან რაიმე სახის სიამოვნების მიღება არ შეუძლია. თანდაყოლილი ფრიგიდულობის მიზეზები უცნობია;

რეტარდაციული ფრიგიდულობა - ყველაზე ხშირად უვითარდებათ ადრეულ ასაკში გათხოვილ ქალებს, ანუ მათ ვინც სქესობრივი ცხოვრება ტვინის ყველა მგრძნობელობითი ზონების მომწიფებამდე დაიწყეს. ასეთ დროს ფრიგიდულობა დროებითია და ქალს ორგაზმის განცდა გარკვეული დროის შემდეგ უბრუნდება;

სიმპტომატიკური ფრიგიდულობა - შესაძლოა განვითარდეს მთელი რიგი დაავადებების დროს, მაგალითად: თავისა და ზურგის ტვინის დაავადებები, სხვადასხვა სახის ინტოქსიკაცია, ნარკომანია, ენდოკრინული და ჰორმონალური დარღვევები (ტესტოსტერონის დაბალი დონე, პროლაქტინის მაღალი დონე) და ა.შ. ფრიგიდულობა ასევე, ხშირად აღმოცენდება მშობიარობის (ზოგჯერ მშობიარობა საშოს მგრძნობელობის დროებით დაქვეითებას იწვევს), გინეკოლოგიური პრობლემებისა (ანთებითი დაავადებები, ხშირი აბორტები და ა.შ.) და დეპრესიის დროს. 
ასეთ დროს, ფრიგიდულობა მხოლოდ ერთ-ერთი სიმპტომია და ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების მკურნალობის შემდეგ, როგორც წესი, ლიბიდო ნორმას უბრუნდება. 
მსგავსი მდგომარეობა შეიძლება დროდადრო ნებისმიერ ქალს აღენიშნებოდეს, განსაკუთრებით  იპოვიტამინოზის, ქრონიკული გადაღლილობის, ან სტრესის დროს.

ფსიქოგენური ფრიგიდულობა - სექსუალურობის დაქვეითება, რომელიც შეიძლება  აღზრდამ, არასასურველი ორსულობის ან დაინფიცირების იშმა, წარსულში წარუმატებელი ინტიმური ცხოვრების გამოცდილებამ,  რომელიმე კონკრეტული პარტნიორის მიმართ ზიზღის განცდამ, ან შინაგანმა კომპლექსებმა გამოიწვიოს.

რატომ არის აუცილებელი ფრიგიდულობის მკურნალობა?

ფრიგიდულობა საკმაოდ მძიმე პრობლემაა, რომელიც უარყოფითად აისახება ქალის ჯანმრთელობაზე და სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიურ დარღვევებს, გაღიზიანებადობას, თავის ტკივილს და ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას იწვევს. ამიტომ, ფრიგიდულობის მკურნალობა არა მარტო სასურველი, არამედ აუცილებელიცაა. 
ფრიგიდულობის დიაგნოზის დასმა და მკურნალობა მხოლოდ ექიმი-სექსოლოგის პრეროგატივაა და, ძირითადად, ხდება ანამნეზის საფუძველზე. 
თუმცა დარღვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, შესაძლოა პროცესში პარალელურად გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის ან ფსიქოლოგის ჩართვა  გახდეს საჭირო.
ფრიგიდულობის მკურნალობის ძირითადი მეთოდებია: მედიკამენტოზური მკურნალობა (ჩანაცვლებითი თერაპია, ანტიდეპრესანტები და ა.შ.), ფიზიოთერაპია და ფსიქოთერაპია.
გარდა ამისა, წყვილს ეძლევა რეკომენდაცია  სქესობრივი ცხოვრების მოდიფიცირებაზე (გახანგრძლივებული პრელუდია, მასტურბაცია, გარემოს გამოცვლა, განცალკევება და ა.შ.), ასე ფრიგიდულობის მკურნალობა უფრო შედეგიანი იქნება.

allmedic