სქესობრივი აქტის გახანგრძლივება
სქესობრივი აქტის გახანგრძლივება
allmedic
სქესობრივი აქტის გახანგრძლივება
სქესობრივი აქტის გახანგრძლივება
სქესობრივი აქტის გახანგრძლივება

სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა ის საკითხია, რომელიც ძალიან ბევრ წყვილს აწუხებს და ამ პრობლემით ბევრჯერ მიუმართავთ ექიმისთვის.
სქესობრივი აქტის ხანგრძლივობაზე საუბრისას, შესაძლებელია გაგვახსენდეს  ცნობილი ბრაზილიელი მწერლის პაულო კოელიოს შესანიშნავი რომანი – „11 წუთი“. ვისაც წაუკითხავს, ემახსოვრება, რომანის მთავარი გმირი – ახალგაზრდა მეძავი, რომელიც კლიენტების მომსახურებაში დახარჯულ დროს გამოთვლის და დაადგენს, რომ თითო სქესობრივი აქტი, საშუალოდ, 11 წუთს გრძელდება. თუმცა, ამ შემთხვევაში, სტატისტიკისთვის მხატვრული ნაწარმოები არ გამოდგება და უმჯობესია, სამედიცინო გამოცდილებასა და მეცნიერულ კვლევებს დავეყრდნოთ.

საერთოდ, სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და მკაცრად დადგენილი დრო არ არსებობს – ეს დრო შეიძლება იყოს 2 წუთი და შეიძლება იყოს 15 წუთიც. ზოგჯერ მოსიყვარულე წყვილი, რომელიც დღის განმავლობაში ერთმანეთის მოფერებით არის გართული, სქესობრივი აქტის დაწყებისას უკვე იმდენადაა მომზადებული ამ ურთიერთობისთვის, რომ ნახევარ წუთში აღწევენ „ფინალს“. თუმცა, უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც მამაკაცები ორგაზმს ქალებზე გაცილებით ადრე აღწევენ და ამის გამო წყვილის ურთიერთობაში პრობლემები დგება.

სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა და პრელუდია
სექსი შეგვიძლია, ორ ნაწილად დავყოთ: სექსის წინა ალერსის ფაზა, ანუ პრელუდია, და სქესობრივი აქტი (რომელიც, თავის მხრივ, ერთმანეთში შეუმჩნევლად გარდამავალი რამდენიმე სტადიისგან შედგება).
მამაკაცების უმრავლესობა თუ ყოველგვარი პრელუდიის გარეშე აღწევს აგზნებას, ქალებში სხვაგვარადაა – მათ გაცილებით მეტი დრო ესაჭიროებათ ასაგზნებად და შემდგომ ორგაზმის მისაღწევად. ამიტომ პრელუდია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის, რადგან  ის უზრუნველყოფს ქალის მაქსიმალურ აგზნებას და შესაბამისად, აახლოებს და აძლიერებს ორგაზმის განცდას. 
რაც შეეხება, პრელუდიის ხანგრძლივობას, დადგენილი არ არის და თითოეული ადამიანის მოთხოვნილებიდან გამომდინარეობს. თუმცა, იმ წყვილებმა, რომელთაც სქესობრივი აქტის ხანგრძლივობის პრობლემა აწუხებთ, სასურველია, გაცილებით მეტი დრო დაუთმონ პრელუდიას.

სქესობრივი აქტის გახანგრძლივების მეთოდები
გახანგრძლივებული სექსი ეს არის სქესობრივი აქტის ფორმა, რომლითაც ორივე პარტნიორი იღებს სიამოვნებისა და ტკბობის მაქსიმუმს. ამ დროს სქესობრივი აქტი გრძელდება ძალიან დიდხანს, მამაკაცი წარმატებით იკავებს ეაკულაციას და შესაძლოა, ქალმა ამ დროის განმავლობაში რამდენიმე ორგაზმიც კი განიცადოს.
სქესობრივი აქტის გახანგრძლივებას საქართველოში, ძირითადად, პრეპარატებით ამჯობინებენ. არადა, გაცილებით ეფექტური და უსაფრთხო მეთოდები არსებობს, ესენია: 
დაწყება-შეჩერების მეთოდი – მამაკაცი ფრიქციების პროცესში, როდესაც ორგაზმის მოახლოებას იგრძნობს, რამდენიმე წამით (საშუალოდ, ამისთვის 10 წამი საკმარისია) ჩერდება, შემდგომ განაგრძობს სექსს და ორგაზმის მოახლოებასთან ერთად ისევ ჩერდება და ა.შ. 
ხელის მოჭერის მეთოდი – როდესაც მამაკაცი გრძნობს, რომ ორგაზმი უნდა დადგეს, ხელს ძლიერად უჭერს პენისის ფუძეს, ეს კი  შარდსადენის მექანიკურ დახშობას და ორგაზმის ტალღის ჩაცხრობას ახდენს (ეს მეთოდი უნდა გამოიყენოთ, ეაკულაციის დაწყებამდე, რადგან, თუ ეაკულაცია უკვე დაწყებულია და ამ დროს მოხდება შარდსადენის მექანიკური დახშობა, ეაკულაცია შეიძლება შარდის ბუშტში მოხდეს).

პრეზერვატივის გამოყენება – ეს მეთოდი ქმნის მექანიკურ ბარიერს, ამცირებს პენისის მგრძნობელობას და ეაკულაციის მომენტი შედარებით გვიან დგება. შესაძლებელია, ასევე, დესენსიტიზებელი პრეზერვატივის (პრეზერვატივის ერთ-ერთი სახეობა)  გამოყენება, რომელიც შეიცავს ანესთეტიკს და ასევე, შეუძლია სექსის გახანგრძლივება.

მასტურბაცია – სექსის დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე, მამაკაცს შეუძლია მიმართოს მასტურბაციას. მართალია, ზოგიერთისთვის ეს მიუღებელი და სასირცხვილოა, მაგრამ სექსის გახანგრძლივებისთვის რეალურად ეფექტური მეთოდია.

კეგელის ვარჯიშები მამაკაცისთვის – ეს ვარჯიშები საკმაოდ ეფექტური მეთოდია სქესობრივი აქტის გახანგრძლივებისთვის. 
ამ სტატიაში მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს წარმოგიდგენთ, რომელიც პუბოკოგციგეალური კუნთის (მენჯის კუნთის) გავარჯიშებით (მისი სწრაფად შეკუმშვა-მოდუნებით) ეაკულაციის პროცესის გადავადების (შესაბამისად, სქესობრივი აქტის გახანგრძლივების) საშუალებას იძლევა:
მამაკაცმა უნდა წარმოიდგინოს ის განცდა, რასაც შარდის შეკავების მომენტში განიცდის და მას შემდეგ, რაც პუბოკოგციგეალურ კუნთს იპოვის (შეიგრძნობს), ზუსტად ისე გააკეთოს, თითქოს შარდის ნაკადს აკავებს. 
ეს მოქმედება უნდა შესრულდეს მრავალჯერ – მამაკაცმა უნდა მოადუნოს, დაძაბოს და შეკუმშოს პუბოკოგციგეალური კუნთი. ამის შემდეგ რამდენიმე (5-10) წამში, ადამიანი კარგავს კუნთზე კონტროლს და კუნთი უნებლიეთ დუნდება.
სრული ეფექტის მისაღწევად, სასურველია, ამ ვარჯიშის გაკეთება დღეში რამდენჯერმე, კუნთის დაძაბვა (შეკუმშვა) მამაკაცმა უნდა მოახდინოს იმდენხანს, რამდენსაც შეძლებს (დაახლოებით, 10 წმ.). თავად ვარჯიში კი, დაახლოებით, ერთი წუთი (შეიძლება მეტიც) უნდა გაგრძელდეს.

ეს ვარჯიში მამაკაცს ეაკულაციის კონტროლშიც ეხმარება – სქესობრივი აქტის პროცესში, როცა მამაკაცი იგრძნობს, რომ ეაკულაცია უნდა დადგეს, დაძაბავს პუბოკოგციგეალურ კუნთს და ამის შედეგად ეაკულაცია არ მოხდება. როდესაც ეაკულაციის ტალღა გადაივლის, შესაძლებელია კუნთის კვლავ მოდუნება და პროცესის გაგრძელება.

allmedic