
გესტაციური დიაბეტი ვითარდება ორსულობისას. სხვა ტიპის დიაბეტების მსგავსად მასაც ახასიათებს უჯრედების მიერ გლუკოზის (შაქრის) მოხმარების დარღვევა და სისხლში მისი დონის მატება, რაც უარყოფითად აისახება როგორც დედის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობაზე.
კონკრეტული გამომწვევი მიზეზი ცნობილი არაა. მაგრამ მეცნიერები ფიქრობენ, რომ დაავადებას საფუძვლად უდევს ქალის ორგანიზმში პლაცენტის მიერ სხვდასხვა ჰორმონების გამომუშავება, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ინსულინზე (პანკრეასის მიერ გამომუშავებული ჰორმონი).
გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკი განსაკუთრებით მატულობს ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ის შეიძლება ნებისმიერ ქალს განუვითარდეს, თუმცა 25 წელს გადაცილებულ, ჭარბი წონის და დატვირთული ოჯახური ანამნეზის მქონე პირებში დიაბეტის გამოვლენის შანსი მატულობს.
ორსულთა დიაბეტისათვის არ არსებობს სახასიათო ნიშანი ან სიმპტომი.
დიაგნოზის დასმა, რისკის შეფასებასთან ერთად, ხდება სკრინინგის მეშვეობით - საზღვრავენ სისხლში გლუკოზის დონეს.
წარმატებული მკურნალობისთვის და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენისათვის აუცილებელია: ცხოვრების ჯანსაღი წესი - მაქსიმალურად ჯანსაღი კვება, სპეციალურად ორსულთათვის შერჩეული ვარჯიშები; ასევე სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობა.