მაკულის ასაკთან დაკავშირებული დეგენერაცია არის თვალის დაავადება, რომელიც იწვევს მხედველობის დაქვეითებას, რთულს ხდის კითხვას, მანქანის მართვას, სურათებისა თუ სახეების აღქმას. ეს ყველაფერი გამოწვეულია მაკულის (ყვითელი ხალის) ანუ თვალში იმ ადგილის დაზიანებით, რომელიც აღიქვამს ჩვენს წინ არსებული საგნების დეტალებს.
არსებობს დაავადების ორი ფორმა:
- მშრალი, რომელიც თანდათანობით, დაახლოებით 5-10 წლის მანძილზე ვითარდება. ამ დროს ადამიანს კითხვის დროს ესაჭიროება უფრო მეტად განათებული გარემო, ფერები უფრო დაბურულია, გართულებულია სახეების ერთმანეთისგან გარჩევა.
- სველი, რომელიც იმ პაციენტებში ვითარდება ვისაც აღენიშნებოდა მშრალი ფორმა. ამ შემთხვევაში მდგომარეობის გაუარესება ხდება უეცრად და სწრაფად პროგრესირებს. ადამიანს შეიძლება სწორი ხაზი მოეჩვენოს რკალად, მხედველობის არეში გაჩნდეს ლაქა, რომელიც მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში სულ უფრო გაიზრდება, გამოვლინდეს მხედველობითი ჰალუცინაციები.
სველი ფორმა ბევრად იშვიათი, მაგრამ ამასთან ბევრად უფრო მძიმე და სწრაფად პროგრესირებადია.
მსგავსი სიმპტომატიკის არსებობისას სასურველია მიმართოთ ექიმს.