დამწვრობა საყოფაცხოვრებო პირობებში ან სამუშაო ტრავმის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებაა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს:
- ცეცხლმა, ცხელმა საგნებმა, სითხემ ან ორთქლმა (თერმული დამწვრობა).
- დენმა (ელექტრული დამწვრობა).
- საყოფაცხოვრებო თუ სხვა დანიშნულების ქიმიურმა ნივთიერებებმა (ქიმიური დამწვრობა)
- მზემ, სოლარიუმმა, რადიაციულმა თერაპიამ ან რენტგენის სხივებმა (რადიაციული დამწვრობა).
იმის მიხედვით თუ რამდენად ღრმაა დაზიანება არსებობს დამწვრობის ოთხი ხარისხი:
- პირველი ხარისხი - მოიცავს კანის მხოლოდ ზედა შრეს (ეპიდერმისს). მისთვის დამახასიათებელია სიწითლე და ტკივილი, რომელიც პირველადი დახმარების გაწევიდან რამდენიმე დღეში გაივლის (კლასიკური მაგალითია მზით დამწვრობა).
- მეორე ხარისხი - მოიცავს ეპიდერმისს და მის ქვედა შრეს (დერმა), ხასიათდება სიწითლით, ტკივილითა და შეშუპებით. შეიძლება ჩამოყალიბდეს ბუშტუკი და დატოვოს ნაწიბური.
- მესამე ხარისხი - მოიცავს მთლიან კანს და დერმის ქვეშ მდებარე ცხიმოვან შრეს, შესაძლოა დაზიანდეს ნერვები.
- მეოთხე ხარისხი - კანთან ერთად აზიანებს მის ქვეშ მდებარე კუნთებს და ძვლებს. ის დამწვრობის ყველაზე მძიმე ფორმაა.
პირველი ხარისხის და მეორე ხარისხის მსუბუქი ფორმის დროს მკურნალობა სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი და გულისხმობს შემდეგ საფეხურებს:
- დამწვარი ადგილის გაგრილება ოთახის ტემპერატურის წყლით 15-30 წუთის განმავლობაში. არ გამოიყენოთ ყინული ან ყინულიანი წყალი, კარაქი, ზეთი და სხვა მსგავსი, ამან შეიძლება უფრო გააღრმავოს დააზიანების კერა.
- ჭრილობა მობანეთ საპნით, ფაქიზად მოაცილეთ უცხო სხეული, ისე რომ არ გახეთქოთ ბუშტუკები ან უფრო მეტად არ დააზიანოთ კანი.
- წაუსვით გარეგანი მოქმედების ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.
- დამწვარ ადგილს დააფარეთ სტერილური საფენი ფაქიზად, ზეწოლის გარეშე, რათა შემცირდეს ინფექციის შეჭრის რისკი.
- თუ ტკივილის ატანა გიჭირთ დალიეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
უფრო მაღალი ხარისხის დაზიანება აუცილებლად მოითხოვს სპეციალისტის ჩართვას და მისი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას.