ბულემია კვებითი აშლილობის ერთ-ერთი სახეა. დაავადებული ადამიანი მიირთმევს დიდი რაოდენობით საკვებს, ხოლო შემდეგ წონაში მომატების შიშით, ახდენს საკვების თავიდან მოშორებას ხელოვნურად გამოწვეული ღებინების, ფაღარათის ან გადამეტებული ვარჯიშის გზით.
ბულემიით დაავადებული ადამიანები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარი სხეული ფორმასა და წონას, მისდევენ მკაცრ დიეტას და მუდმივად ცდილობენ წონის დაკლებას. საბოლოოდ გამუდმებული შიმშილი მათ აიძულებს მიირთვან გადამეტებულად ბევრი, რაც იწვევს კონტროლის დაკარგვის, შიშისა და სირცხვილის შეგრძნებას. საბოლოოდ ისინი მიმართავენ ნებისმიერ ხერხს, რათა თავიდან აიცილონ ზედმეტი წონა.
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით დაგენილი არ არის, თუმცა გენეტიკურ, ემოციური ჯანმრთელობის, სოციალური მოლოდინების განმაპირობებელ ფაქტორებს ენიჭებათ გარკვეული როლი.
ბულემიისათვის დამახასიათებელი ზოგადი სიმპტომებია:
- დიდი რაოდენობით საკვების მიღება, მოკლე დროის პერიოდებში, როგორც წესი, 2 საათზე ნაკლები შუალედებით.
- მიღებული კალორების თავიდან მოშორება ღებინების, გადამეტებული ვარჯიშის, შარდმდენებისა და საფაღარათო საშუალებების დიდი რაოდენობით გამოყენების გზით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ფატალური შედეგიც კი.
- სირცხვილის შეგრძნება გადამეტებული ჭამის გამო და წონის მატების შიში.
- დაბალი თვითშეფასება და სხეულის ფორმისა და წონის მიმართ გადამეტებული ყურადღება.
- საჭმელზე, სხეულის ფორმასა და წონაზე ან დიეტაზე გადამეტებული ფიქრი, რაც ხელისშემშლელი ხდება სრულფასოვანი საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის.
ზემოთ დასახელებულ სიმპტომებთან ერთად შესაძლოა აღინიშნებოდეს შემდეგი სიმპტომებიც, რომლის დროსაც დაავადებული პიროვნება:
- მალავს კვებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს და არ მიირთმევს სხვა ხალხის გარემოცვაში.
- იპარავს ან მალავს საჭმელს სახლში. შესაძლოა შეამჩნიოთ დიდი რაოდენობით საჭმლის გაქრობა სამზარეულოდან.
- წონაში იკლებს ან იმატებს მოკლე დროის შუალედებში.
- არეული აქვს მენსტრუალური ციკლი.
- ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ვარჯიშს.
- ხშირად საუბრობს დიეტებზე, წონაზე და სხეულის ფორმებზე.
- იყენებს დიდი რაოდენობით სხვადასხვა მედიკამენტებს (შარდმდენი, საფაღარათო საშუალება).
აღენიშნება:
- სისხლში კალიუმის დაბალი დონე და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები
- ხშირი კარიესი
- ანთებითი პროცესები პირის ღრუში
- მშრალი კანი
- თხელი, გამოფიტული თმები
- შებერილობა
- ენერგიის ნაკლებობა
- კბილების ანაბეჭდები ხელის ზურგზე ან ჩალურჯებები (თვითღებინების გამოწვევის გამო)
- დეპრესიულობა, აღგზნებულობა და დანაშაულის შეგრძნება
- უაზროდ დიდი რაოდენობით საკვებისა და დამხმარე მედიკამენტების შეძენა.
დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:
- მდედრობითი სქესი
- ახალგაზრდა ასაკი (ძირითადად თინეიჯერები)
- გენეტიკური მიდრეკილება, ოჯახური ანამნეზი
- ფსიქოლოგიური და ემოციური სფეროს დარღვევები
- მედიის და საზოგადოების ზეგავლენა (ტელევიზია, მოდის ჟურნალები, გამხდარი მსახიობები და მოდელები)
- პროფესიული სპორტი, მსახიობობა, მოდელობა
დაავადება შეიძლება გართულდეს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობებით:
- გაუწყლოებით
- გულისცემის სიხშირის დარღვევით
- დეპრესიით
- ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ჭარბი გამოყენებით
- სუიციდით
სამწუხაროდ არ არსებობს დიაგნოსტიკის ერთიანი სისტემა.
მკურნალობა მოიცავს როგორც ფსიქოთერაპიას, ასევე მედიკამენტოზურ მკურნალობას.