წყლულოვანი კოლიტი მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის ანთებითი დაავადებაა, რომელიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში წყლულების განვითარებით ხასიათდება. დაავადება თანდათან ვითარდება და საკმაოდ სერიოზული გართულებების მიზეზი შეიძლება გახდეს.
წყლულოვანი კოლიტის ერთადერთი ცნობილი მიზეზი იმუნური სისტემის არაადექვატური ფუნქციონირებაა. მემკვიდრული წინასწარგანწყობაც გარკვეულ როლს ასრულებს მის განვითარებაში.
წყლულოვანი კოლიტი შემდეგი სიმპტომებით მიმდინარეობს:
- ფაღარათი, ხშირად ჩირქით ან სისხლით
- მუცლის ტკივილი და სპაზმი
- ტკივილი სწორ ნაწლავში
- სისხლდენა სწორი ნაწლავიდან
- დეფეკაციის (განავლის გამოყოფის) მოთხოვნის უეცრად აღმოცენება
- დეფეკაციის შეუძლებლობა მიუხედავად მოთხოვნისა
- წონის დაკლება
- დაღლილობა
- ცხელება
- ბავშვებში ზრდის შეფერხება.
დიაგნოზი სიმპტომების გამოკითხვასთან ერთად შემდეგი გამოკვლევების საფუძველზე ისმება:
- სისხლის ანალიზი
- განავლის ანალიზი
- კოლონოსკოპია - მსხვილი ნაწლავის დათვალიერება
- სიგმოიდოსკოპია - მსხვილი ნაწლავის ბოლო ნაწილის დათვალიერება
- რენტგენოგრაფია
- კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა მოიცავს:
- მედიკამენტების მიღებას
- ქირურგიულ ოპერაციას.
წყლულოვანი კოლიტი ცხოვრების წესსა და კვების რაციონში გარკვეული ცვლილებების შეტანას საჭიროებს:
- საკვებ რაციონში რძის პროდუქტების შეზღუდვა
- დაბალი ცხიმის შემცველი საკვების მიღება
- უჯრედისით მდიდარი საკვები პროდუქტების: უმი ხილის, ბოსტნეულის მიღების შეზღუდვა
- ცხარე საკვების, ალკოჰოლის და კოფეინის ამოღება ხმარებიდან
- საკვების მიღება მცირე ულუფებად და ხშირად (5-6-ჯერ დღეში)
- სითხეების დიდი რაოდენობით მიღება
- ფიზიკური აქტივობა
- სტრესის შემცირება / რელაქსაცია.