სიფილისი
სიფილისი
allmedic
სიფილისი
სიფილისი

სიფილისი ბაქტერიული ინფექციაა რომელიც სქესობრივი კავშირის გზით გადაეცემა. მისი გამომწვევია ბაქტერია - ტრეპონემა. დაავადება გადამდებია დაავადების პირველი და მეორე სტადიის მქონე პირისაგან.

სიფილისი კლინიკურად სტადიებად ვითარდება და სიმპტომები განსხვავებულია სტადიის მიხედვით. თუმცა სიმპტომები შეიძლება არც გამოვლინდეს ან ჩვეული თანმიმდევრობით არ განვითარდეს.

პირველადი სიფილისი  კანზე მცირე ზომის წარმონაქმნით ხასიათდება, რომელსაც შანკრი ეწოდება. შანკრი როგორც წესი, ერთეულია, თუმცა იშვიათად  რამდენიმე ადგილზე შეიძლება განვითარდეს. ზოგჯერ ეს წარმონაქმნი უმტკივნეულოა და საშოს ან სწორი ნაწლავის არეში ვითარდება, ამიტომ  შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს.  შანკრი თავისთავად ხორცდება დაახლოებით 6 კვირის ვადაში.

მეორადი სიფილისი  პირველადი შანკრის შეხორცებიდან რამოდენიმე კვირაში ვითარდება. გამონაყარი იწყება ტანიდან და შემდეგ კიდურებზე ვრცელდება ხელისა და ფეხისგულების ჩათვლით. გამონაყარი ქავილის გარეშეა. მდგომარეობას ზოგჯერ თან ახლავს კუნთების ტკივილი, ცხელება, ყელის ტკივილი და გადიდებული ლიმფური კვანძები.  ეს სიმპტომები რამდენიმე კვირაში უკუგანვითარდება და შეიძლება წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ განმეორდეს.

დაავადების უმკურნალოდ დატოვების შემთხვევაში სიფილისის ფარული (ლატენტური) სტადია  ვითარდება, რომელიც უსიმპტომოდ მიმდინარეობს და რამდენიმე წელი შეიძლება გაგრძელდეს. სიმპტომები შეიძლება აღარ განმეორდეს ან პროგრესი განიცადოს მესამეულ სტადიაში.

პაციენტების 15-30 %-ს სიფილისის მესამეული სტადია  უვითარდება. ეს უკანასკნელი ტვინის, ნერვული სისტემის, თვალების, გულის, სისხლძარღვების, ღვიძლის, ძვლებისა და სახსრების დაზიანებით მიმდინარეობს.

სიფილისის დიაგნოზისთვის შემდეგი გამოკვლევები ტარდება:

  • სისხლის ანალიზი
  • გამონაყრიდან აღებული მასალის ანალიზი
  • თავ-ზურგტვინის სითხის ანალიზი.

 

სიფილისის მკურნალობა ანტიბიოტიკ- პენიცილინის ინექციას მოიცავს. შორსწასული სტადიების შემთხვევაში დამატებითი მკურნალობა შეიძლება გახდეს საჭირო. 

allmedic