
მდგომარეობა, რომელიც აერთიანებს კონცენტრირების უნარის დაქვეითებას, ჰიპერაქტიურობას, იმპულსურ და აგრესიულ ქმედებებს. სიმპტომების გამოვლენა იწყება ბავშვებში და მათ ნახევარზე მეტში ეს პრობლემები ზრდასრულ ასაკშიც ნარჩუნდება.
დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. თუმცა, ფეხმძიმობისას დედის მიერ სიგარეტის და ალკოჰოლის მიღებამ, ტყვიითა და სხვა ტოქსინებით დაბინძურებულ გარემოში ცხოვრებამ, ბავშვის დღენაკლობამ შესაძლოა გაზარდოს დაავადების განვითარების რისკი.
ამ დარღვევის მქონე სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ახასიათებს მოუსვენრობა, ხშირი და უმიზნო ადგომა-დაჯდომა, ბევრი ლაპარაკი, ხმაური. სკოლის ასაკის ბავშვებში დამატებით თავს იჩენს მოუთმენლობა: ბავშვი არ უცდის კითხვის დასრულებას და ისე სცემს მას პასუხს, არ ელოდება საკუთარ რიგს, ხშირად აწყვეტინებს სხვებს საუბარს, ვერ ახდენს კონკრეტულ დავალებაზე კონცენტრირებას. ეს ყოველივე იწვევს სოციალურ ურთიერთობებში პრობლემებს, სკოლაში დაბალ აკადემიურ მოსწრებას, შედეგად დაკნინებულ თვითშეფასებას.
ასაკის მატებასთან ერთად ჰიპერაქტიურობა იკლებს, თუმცა ყურადღების დეფიციტი შესაძლოა ზრდასრულ ადამიანებშიც შენარჩუნდეს და დაემატოს შფოთვა და დეპრესიულობა, ადამიანთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბების სირთულე.
მდგომარეობის ადრეული დიაგნოსტიკა და დროული თერაპია პოზიტიურ გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე და ადამიანის სოციუმში წარმატებულ ინტეგრაციაზე.