სინუსიტი
სინუსიტი
allmedic
სინუსიტი
სინუსიტი

სინუსიტი ცხვირის ირგვლივ ძვლებში არსებული წიაღების ანთებითი პროცესია. თუკი მკურნალობის მიუხედავად წიაღების ანთება 8 კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა დაავადება ქრონიკულ სინუსიტად ითვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მწვავე პროცესს წარმოადგენს.  

 

მწვავე სინუსიტის დროს ცხვირის, ყელისა და თავად წიაღების ლორწოვანი გარსი შეშუპებულია ანთებით პროცესის გამო. წიაღის ცხვირთან დამაკავშირებელი არხები აღნიშნული შეშუპების გამო დახშულია, ამიტომ წიაღები ვერ თავისუფლდება მასში დაგროვილი ლორწოსაგან. დაგროვილ ლორწოში ინფექცია ადვილად ვითარდება და საბოლოო ჯამში ჩირქი წარმოიქმნება.

 

მწვავე სინუსიტი შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსული, ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციით. მწვავე სინუსიტის ქრონიკულში გადასვლას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:

  • პოლიპები ცხვირში
  • ალერგია
  • ცხვირის ძგიდის გამრუდება
  • სახის ტრავმა - სახის ძვლის მოტეხილობა
  • სასუნთქი გზების ინფექციები
  • იმუნური სისტემის სისუსტე
  • სხვა სამედიცინო მდგომარეობები: გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი, ცისტური ფიბროზი, შიდს-ის ვირუსი და სხვა.

 

მწვავე სინუსიტი შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება:

  • სქელი მოყვითალო ან მომწვანო ფერის გამონადენი ცხვირიდან, რომელიც ყელის უკანა კედელზეც შეინიშნება ხოლმე
  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება
  • თვალის ირგვლივ, ლოყის, შუბლის და ცხვირის არეში მტკივნეულობა და შეშუპება
  • ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითება
  • ხველა, რომელიც ღამით მძაფრდება

სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია:

  • ყურის ტკივილი
  • თავის ტკივილი
  • ზედა ყბისა და კბილების არეში ტკივილი
  • არასასიამოვნო სუნი პირიდან
  • დაღლილობა
  • ცხელება.

 

ქრონიკული სინუსიტიც იგივე სიმპტომებით ხასიათდება, მხოლოდ მწვავე სინუსიტისაგან განსხვავებით სიმპტომები ხანგრძლივად გრძელდება.

 

სინუსიტის დიაგნოზის დასასმელად სიმპტომების გამოკითხვისა და ფიზიკური გასინჯვის პარალელურად მნიშვნელოვანია გარკვეული გამოკვლევების ჩატარება:

  • ცხვირის ღრუს ენდოსკოპია - მეთოდი, რომლითაც ცხვირის ღრუსა და წიაღების უშუალო დათვალიერება ხდება
  • კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა
  • ცხვირის ღრუს ან წიაღის ლორწოვანიდან ნაცხის აღება და ინფექციაზე გამოკვლევა
  • ალერგიის ტესტების ჩატარება.

 

მწვავე სინუსიტის შემთხვევათა უმეტესობა ვირუსული ინფექციით არის გამოწვეული და მკურნალობას არ საჭიროებს. ის თავისთავად უკუგანვითარდება. საჭიროების შემთხვევაში სიმპტომების მოსახსნელად ცხვირში შესასხურებელი ან დასალევი მედიკამენტები გამოიყენება.

 

ქრონიკული სინუსიტის შემთხვევაში მკურნალობის მიზანი პროცესის ქრონიზაციის გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა და სიმპტომური მკურნალობაა ცხვირში შესასხურებელი და დასალევი მედიკამენტების გამოყენებით. ქრონიკული სინუსიტის გამომწვევი ზოგიერთი მიზეზი ქირურგიული გზით მკურნალობას საჭიროებს.

 

მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად შემდეგი ღონისძიებების ჩატარება სიმპტომების შემსუბუქებას უზრუნველყოფს:

  • მოსვენების რეჟიმი
  • დიდი რაოდენობით სითხის მიღება
  • ორთქლით ინჰალაცია
  • თბილი საფენის დადება სახეზე თვალის, ცხვირისა და შუბლის არეში
  • ცხვირის ღრუს გამორეცხვა სპეციალური ბალონის გამოყენებით
  • ძილის დროს თავის შედარებით მაღალზე მოთავსება.

 

სინუსიტის განვითარებისაგან თავდასაცავად მნიშნვნელოვანია:

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციისგან თავდაცვა: კონტაქტის შემცირება ინფიცირებულ პირებთან, ხელების ხშირი დაბანა საპნით
  • ალერგიის არსებობის შემთხვევაში მისი მკურნალობა
  • სიგარეტის კვამლთან და დაბინძურებულ ჰაერთან კონტაქტის თავიდან აცილება
  • დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება მშრალი კლიმატის შემთხვევაში.
allmedic