სეფსისი
სეფსისი
allmedic
სეფსისი
სეფსისი

სეფსისი პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მდგომარობაა, რომელიც ინფექციური დაავადების გართულების შედეგად ვითარდება. ინფექციასთან ბრძოლის მიზნით ორგანიზმის მიერ სისხლში გარკვეული ქიმიური ნივთიერებები გადმოისროლება. აღნიშნულმა ქიმიურმა ნივთიერებებმა ზოგიერთ შემთხვევაში ჭარბი ანთებით რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს. სწორედ ამ მდგომარეობას წარმოადგენს სეფსისი. ანთებითმა პროცესმა ცვლილებათა მთელი კასკადი შეიძლება ჩართოს, რასაც საბოლოო ჯამში ორგანოების მძიმე დაზიანება და მათი უკმარისობა მოყვება.  

 

ყველაზე ხშირად სეფსისი შემდეგი ინფექციური დაავაებების ფონზე ვითარდება:

  • პნევმონია
  • მუცლის ღრუს ორგანოების ინფექცია
  • თირკმლის ინფექცია
  • სისხლის ინფექცია (ბაქტერიემია).

 

სეფსისის განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია:

  • მცირეწლოვან და ხადაზმულ პირებში
  • დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პირებში
  • მძიმე დაავადების მქონე პირებში, განსაკუთრებით მათში, ვინც ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში გადიან მკურნალობას
  • ჭრილობებისა და დაზიანებების მქონე პირებში, მაგალითად დამწვრობა
  • პირებში, რომელთაც სამედიცინო ხელსაწყოები აქვთ მკურნალობის მიზნით ორგანიზმში ჩადგმული, მაგალითად: ინტრავენური კათეტერი ან სასუნთქი მილი.

 

სეფსისის მიმდინარეობაში 3 ეტაპი გამოიყოფა: სეფსისი, მძიმე სეფსისი და სეპტიური შოკი.

პირველი ეტაპისათვის - სეფსისისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • სხეულის მაღალი ან დაბალი ტემპერატურა
  • 90-ზე მაღალი გულისცემის სიხშირე
  • წუთში 20-ზე მეტი სუნთქვის სიხშირე
  • სავარაუდო ან დადასტურებული ინფექცია.

მეორე ეტაპი - მძიმე სეფსისი შემდეგი ნიშნებით ხასიათდება:

  • შარდის გამოყოფის შემცირება
  • ცნობიერების უეცარი შეცვლა
  • გაძნელებული სუნთქვა
  • მუცლის ტკივილი
  • ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკლვევებით აღინიშნება გულის კუმშვადი ფუნქციის დაქვეითება და თრომბოციტების (სისხლის შედედებაში მონაწილე სისხლის უჯრედები) რაოდენობის შემცირება

 

მესამე სტადიის ანუ სეპტიური შოკის შემთხვევაში მძიმე სეფსისისთვის დამახასითებელ სიმპტომებსა და ნიშნებს ემატება მკვეთრად დაქვეითებული არტერიული წნევა, რომელიც სითხეების გადასხმის ფონზე ნაკლებად იმატებს.

 

სეფსისის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, ვინაიდან სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც სეფსისის დროს ვლინდება, სხვა პათოლოგიებსაც ახასიათებს. გამომწვევი ინფექციის გამოსავლენად ხშირად მრავალრიცხოვანი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარება ხდება საჭირო.

 

სეფსისის მქონე პაციენტი აუცილებლად საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უნდა მოთავსდეს, ვინაიდან ის ინტენსიურ ზედამხედველობასა და მკურნალობას საჭიროებს. 

allmedic