შიზოფრენია
შიზოფრენია
allmedic
შიზოფრენია
შიზოფრენია

შიზოფრენია ტვინის მძიმე დაავადებაა, რომლის დროსაც რეალობის სწორი აღქმა დარღვეულია. ის ქრონიკული დაავადებაა და მთელი ცხოვრების მანძილზე საჭიროებს მკურნალობას.

 

შიზოფრენიის მიზეზი გაურკვეველია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის გენეტიკური და გარემოს ფაქტორების ერთდროული ზემოქმედების შედეგად ვითარდება. ტვინის გარკვეული ქიმიური ნივთიერებები, როგორიც არის, დოფამინი და გლუტამატი ასევე შესაძლოა მონაწილეობდეს დაავადების განვითარებაში.

 

შიზოფრენიის რისკს შემდეგი ფაქტორებიც ზრდის:

  • შიზოფრენიით ავადობის ოჯახური ისტორია
  • დაბადებამდე ვირუსების, ტოქსინების ზემოქმედების ქვეშ მოქცევა
  • იმუნური სისტემის ჭარბი აქტივობა
  • მამის ხანდაზმული ასაკი
  • მოზარდობის ასაკში ფსიქოტროპული (ტვინზე მოქმედი) მედიკამენტების მიღება.

 

შიზოფრენია მთელ რიგ პრობლემებს მოიცავს, როგორიცაა აზროვნების დარღვევა, ქცევისა და ემოციური დარღვევები. ძირითად სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • დელუზიები - ცრუ შეხედულებები, რომელიც რეალობას არ ეყრდნობა. მაგალითად, პაციენტს მიაჩნია რომ მისთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ,  სხვა ადამიანების მიერ გაკეთებული ჟესტები და კომენტარები მას ეხება, მას განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, ვიღაც მასზე შეყვარებულია, რაღაც დიდი კატასტროფაა მოსალოდნელი, მისი სხეული არასათანადოდ ფუნქციონირებს და ასე შემდეგ. შიზოფრენიის მქონე 5-დან 4 პაციენტს დელუზიები აქვს.
  • ჰალუცინაცია - პაციენტს ესმის და ხედავს იმას, რაც სინამდვილეში არ არსებობს. დაავადებული პირი ჰალუცინაციებს სრული სისავსით აღიქვამს. ის ნებისმიერ შეგრძნებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, მაგრამ სმენითი ჰალუციანცია ყველაზე ხშირია.
  • არაორგანიზებული აზროვნება (და მეტყველება) - დაავადებული პირი ეფექტურად ვერ ამყარებს კომუნიკაციას სხვა ადამიანებთან: კითხვებზე შეუსაბამო პასუხებს იძლევა და წინადადება ერთმანეთთან დაუკავშირებელი სიტყვებისგან შედგება, რომლისგან აზრის გამოტანა შეუძლებელია.
  • არაორგანიზებული, არანორმალური მოძრაობები და ქცევა - მაგალითად, დაავადებული პირი ბავშვურად, სულელურად იქცევა ან მოულოდნელად აჟიტირებული ხდება. ქცევა უმიზნოა და ჭარბ მოძრაობებს მოიცავს. დგომის დროს არაადექვატურ, უცნაურ პოზას იღებს და ა.შ.
  • უარყოფით სიმპტომები - ნორმალურად ფუნქციონირების უუნარობა. დაავადებული პირი უემოციოა, ვერ ამყარებს თვალით-თვლალთან კონტაქტს, არ იცვლის სახის გამომეტყველებას, საუბრობს მონოტონურად, არ რთავს საუბარში ხელისა და თავის მოძრაობებს. ასევე არ აქვს ქმედებების დაგეგმივასა და განხორციელების უნარი,  პირადი ჰიგიენა უგულვებელყოფილია და სიამოვნების მიღების უნარი დაკარგულია.

შიზოფრენიით დაავადებულ პირებში ხშირია თვითმკვლელობის მცდელობა.

 

დიაგნოზის დასმა სიმპტომების შესწავლასთან ერთად გარკვეული ლაბორატორიული გამოკვლევების და ფსიქოლოგიური ტესტების ჩატარების საფუძველზე ხდება.

 

შიზოფრენია მთელი ცხოვრების განმავლობაში მკურნალობას საჭიროებს, მაშინაც კი როდესაც სიმპტომები უკუგანვითარებულია. მკურნალობა მედიკამენტების გამოყენებასა და ფსიქოსოციალურ თერაპიას მოიცავს. შიზოფრენიით დაავადებულ პირს აუცილებლად ესაჭიროება მხარდაჭერა და დახმარება. 

allmedic