ფსორიაზი
ფსორიაზი
allmedic
ფსორიაზი
ფსორიაზი

ფსორიაზი კანის დაავადებაა, რომლის დროსაც კანის ზედაპირზე სქელი, მოვერცხლისფრო ქერცლი და მშრალი წითელი ლაქები წარმოიქმნება. ისინი ქავილს და ზოგჯერ, ტკივილსაც იწვევს. ფსორიაზი ქრონიკული (ხანგრძლივი) დაავადებაა, რომელიც პერიოდული გამწვავებებით ხასიათდება.

 

ფსორიაზის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ ის გარკვეულწილად იმუნური სისტემის არაადექვატურ ფუნქციონირებას უკავშირდება. შედეგად კანის ახალი უჯრედები იმდენად სწრაფად წარმოიქმნება, რომ ძველი, მკვდარი უჯრედები ალაგებას ვერ ასწრებს და კანზე ქერცლოვანი ლაქების სახით რჩება.

 

ფსორიაზის პროვოცირებასა და გამწვავებას შემდეგი ფაქტორები განაპირობებს:

  • ინფექციები, მაგალითად, სტრეპტოკოული ანგინა ან კანის ინფექციები
  • კანის დაზიანება, მაგალითად, ჭრილობა, ნაკაწრი, მწერის ნაკბენი ან მზით გამოწვეული მძიმე დამწვრობა
  • სტრესი
  • ცივი ამინდი
  • თამბაქოს მოხმარება
  • ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება
  • გარკვეული მედიკამენტები

 

ფსორიაზის ნიშნები და სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ ძირითადად აღინიშნება:

  • წითელი ლაქები, რომლებიც მოვერცხლისფრო ქერცლით არის დაფარული
  • მცირე ზომის აქერცვლადი წერტილები (უხშირესად ბავშვებში)
  • მშრალი და დამსკდარი კანი, ზოგგან სისხლმდენი
  • ქავილის, წვისა და ტკივილის შეგრძნება
  • სქელი, დეფორმირებული ფრჩხილები
  • სახსრების შეშუპება და მოძრაობის შეზღუდვა

 

ფსორიაზისათვის დამახასიათებელი გამონაყარი სხეულის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება განვითარდეს, თუმცა არსებობს ფორმები, რომლის დროსაც გამონაყარი უმეტესწილად თავის თმიან ნაწილში ან უმეტესწილად იღლიების, მკერდის და სასქესო ორგანოების არეში ვითარდება. გამონაყრის ფორმაც შესაძლოა განსხვავებული იყოს და ბუშტუკების სახით ან წყლის წვეთის მაგვარი, შედარებით თხელკედლიანი გამონაყარით იყოს წარმოდგენილი.

 

ფსორიაზისათვის გამწვავებისა და უკუგანვითარების მონაცვლეობა ანუ ციკლურობა არის დამახასიათებელი.

 

ფსორიაზის დიაგნოზი სიმპტომებს და კანის ბიოფსიის შედეგებს ეყრდნობა.

 

ფსორიაზის მკურნალობა გულისხმობს:

  • ადგილობრივად სამკურნალო მალამოებისა და დამატენიანებელი საშუალებების გამოყენებას
  • ფოტოთერაპიას, რომლის დროსაც ულტრაიისფერი სხივები გამოიყენება
  • მძიმე შემთხვევებში დასალევი ან საინექციო მედიკამენტები
  • ყოველდღიური ჰიგიენა - კანის გასუფთავება ნელთბილი წყლისა და ნაკლებად არომატული ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით.
  • აუცილებელია ფსორიაზის მაპროვოცირებელი ფაქტორების თავიდან აცილება. 

 

allmedic