სტენოკარდია
სტენოკარდია
allmedic
სტენოკარდია
სტენოკარდია

   ტკივილს გულმკერდის მიდამოში, რომელიც გულის კუნთში  სისხლის მიმოქცევის შემცირების შედეგად არის განვითარებული, ეწოდება სტენოკარდია. სისხლის მიმოქცევის დარღვევის მიზეზი ძირითადად არის ათეროსკლეროზული ფოლაქის ან თრომბის ჩამოყალიბება გულის მკვებავ სისხლძარღვებში.

 

არსებობს სტენოკარდიის რამდენიმე ფორმა:

სტაბილური, რომლის განვითარებასაც იწვევს ფიზიკური დატვირთვა ან სტრესი, გრძელდება რამდენიმე წუთს და დასვენების შემდეგ თავისით გაივლის.

არასტაბილური - ვლინდება მოსვენების დროს. ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს დიდხანს და იყოს საკმაოდ ძლიერი.

პრინცმეტალის - იშვიათია. ვლინდება ძირითადად ძილისას ან მოსვენებისას. ხასიათდება მკვეთრი მოჭერითი ხასიათის ტკივლით. გამოწვეულია სისხლძარღვების გარდამავალი შევიწროებით.

 

სტენოკარდიული შეტევისათვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომებია: ტკივლი, დისკომფორტი, სიმძიმის, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, მკერდის ძვლის უკან, თუმცა შესაძლოა ხდებოდეს მათი გადაცემა მხრებში, კისერში, ყბაში ან ზურგში. არსებობს შემთხვევები, როდესაც სტენოკარდიული ტკივილი კუჭის არეში წვით, ტკივლით, გულძმარვით გამოიხატება. ასევე არაა გამორიცხული სუნთქვის უკმარისობა, ოფლიანობა და თავბრუსხვევა.

 

სტენოკარდიული შეტევის განმაპირობებელ რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება: თამბაქოს წევა, დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების მაღალი დონე სისხლში, ჭარბი წონა, ადინამია, ოჯახური ანამნეზი, ასაკი.

 

დიაგნოზის დასმისათვის გამოიყენება სხვადასხვა კვლევები, ესენია: ექოკარდიოგრაფია, ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ), დატვირთვის სტრეს-ტესტი, კორონარული ანგიოგრაფია და სხვა.

მკურნალობა მოიცავს: ცხოვრების სტილის შეცვლას (თამბაქოზე თავის დანებებას, ფიზიკურ აქტივობას, წონის კლებას), მედიკამენტებს (ნიტრატები, ასპირინი, სტატინი, ბეტა-ბლოკერი, ანტითრომბული პრეპარატები, კალციუმის არხების ბლოკერები) და სამედიცინო მანიპულაციებს (სტენტირება, შუნტირება).

allmedic