გულის უკმარისობა
გულის უკმარისობა
allmedic
გულის უკმარისობა
გულის უკმარისობა

     გულის უკმარისობა, რომელსაც გულის შეგუბებით უკმარისობასაც უწოდებენ, ვითარდება მაშინ, როდესაც გულის კუნთი ვეღარ ახერხებს იმ რაოდენობით სისხლის გადასროლას, რომელიც საჭიროა ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

 

     გულის უკმარისობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზების გამო განვითარდეს, მაგალითად წინ უსწრებდეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, მაღალი არტერიული წნევა, კარდიომიოპათია, გულის მანკები და ა.შ.

 

     გულის უკმარისობა შეიძლება იყოს ქრონიკული (ხანგრძლივი დროის მანძილზე ვითარდებოდეს) ან მწვავე (დაიწყოს მოულოდნელად).

 

     გულის უკმარისობის სიმპტომებია:  

  • სუნთქვის უკმარისობა (მოსვენებულ მდგომარეობაში ან ფიზიკური დატვირთვისას)
  • სისუსტე და დაღლილობა
  • ფეხების შეშუპება
  • აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა
  • ფიზიკური დატვირთვის შეუძლებლობა
  • მუდმივი ხველა ან ხიხინი
  • ღამე შარდვის გახშირება
  • შეშუპება მუცლის მიდამოში
  • წონის უეცარი მატება, სითხის შეკავების გამო
  • მადის დაქვეითება და გულისრევის შეგრძნება
  • კონცენტრირების და რეაქციის უნარის დაქვეითება
  • ტკივლი გულმკერდის არეში, თუ გულის უკმარისობა ინფარქტით არის გამოწვეული

 

     გულის უკმარისობის განვითარების რისკ-ფაქტორებია:

  • ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა)
  • გულის იშემიური დაავადება
  • მიოკარდიუმის ინფარქტი
  • დიაბეტი
  • გულის მანკი
  • გულის რითმის დარღვევა (არითმია)
  • ჭარბი წონა
  • თამბაქო
  • ალკოჰოლი

 

     გულის უკმარისობის დიაგნოზის დასასმელად გარდა ექიმის მხრიდან ანამნეზის (დაავადების ისტორია) გამოკითხვისა გამოიყენება დიაგნოსტიკური კვლევის შემდეგი მეთოდები:

  • სხვადასხვა სახის სისხლის ანალიზი.
  • გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა.
  • ელექტროკარდიოგრამა.
  • ექოკარდიოგრამა.
  • დატვირთვის ტესტი.
  • მაგნიტორეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფია
  • კორონარული ანგიოგრამა
  • მიოკარდიუმის (გულის კუნთის) ბიოფსია 

 

     გულის უკმარისობა ქრონიკულად მიმდინარე დაავადებაა, შესაბამისად ის მკურნალობას მთელი სიცოცხლის მანძილზე საჭიროებს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტების ან მათი კომბინაციებით ან/და ქირურგიული ჩარევებით (შუნტირება, დაზიანებული სარქვლის შეცვლა, გულის ტრანსპლანტაცია და სხვ.)

allmedic